„უკრაინამ ყველა პირობა გამოიყენა“: რა გადაიტანეს უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის ტყვეობაში და როგორ მოხერხდა აზოველების დახსნა

23-09-2022 22:02:31 ევროპა

„აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 215 მებრძოლის, მათ შორის „აზოვის“ ჯარისკაცების ვიქტორ მედვედჩუკსა და 55 რუს სამხედროზე გაცვლის დეტალებზე ისაუბრა. ჟორინის თქმით, ყველა დატყვევებულ უკრაინელს შიმშილით აწამებდნენ, სცემეს და არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას, თითქმის ყველა გათავისუფლებულს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

„უნდა გესმოდეთ, რომ გაცვლის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება თითქმის შეუძლებელი იყო. ზოგიერთზე ძალადობდნენ გადაცემის ადგილზე გადაყვანის დროსაც კი. ამიტომ ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მათ შორის მორალურად. ახლა ადამიანები ეჩვევიან იმ აზრს, რომ სახლში არიან, უსაფრთხოდ. რაც შეეხება საბრძოლო განწყობას, მოწოდების სიმაღლეზეა. არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე ითხოვენ ფორმას და მზად არიან დაბრუნდნენ ფრონტზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვმარტავთ, რომ ჯერ ადრეა. თუ ვისაუბრებთ მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, თითქმის ყველას სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდება სხვადასხვა მიზეზის: ბულინგის, წამების, შიმშილის გამო“.

მისი თქმით, ყველამ, ვინც დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, შიმშილი გამოსცადა, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, აწამებდნენ, აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ „აბსოლუტურად ფიქტიურ, გიჟურ დოკუმენტებზე, რომ თითქოსდა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები ან სადღაც ასაფეთქებელი დადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა არც კი იციან ან არ ყოფილან ამ მისამართზე“.

რაც შეეხება საკითხს, როგორ შედგა გასაცვლელ ტყვეთა სიები, მებრძოლი ამბობს, რომ იყო პრიორიტეტების სიები, რომლებიც შეგროვდა დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან. მოლაპარაკებებში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული, მაგრამ მოლაპარაკების დროს სიები შეიცვალა – მხარეები აფიქსირებდნენ პოზიციას, თუ ვისი ხილვა სურდათ, ვისი – არა და მივიდნენ რაღაც კომპრომისულ ვარიანტამდე:

„მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ეს რეალურად უფრო ღრმა, უფრო რთული პროცესია, ვიდრე უბრალოდ გაცვლა. უკრაინამ უბრალოდ ფენომენალურად გამოიყენა ყველა ის პირობა, რაც ხელთ ჰქონდა, მათ შორის ფრონტზე, მათ შორის ეკონომიკის, დიპლომატიის სფროში ... სწორად შეაგროვა ყველა ფაქტი და გაცვლა შედგა. ეს მართლაც ძალიან რთული ოპერაცია იყო უკრაინის სხვადასხვა სტრუქტურებისა და სამსახურების მაქსიმალურად ეფექტური ჩართულობით. და შედეგი არის ის, რომ უკრაინული მხარე მზად არის და შეუძლია, ეფექტურად გამოიყენოს ის, რაც ირგვლივ ხდება“.

რაც შეეხება „აზოვის“ თურქეთში მყოფ ლიდერებს, რომლებიც ტყვეობიდან გათავიუსფლდნენ, მაგრამ ომის დასრულებამდე ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ მოუწევთ ყოფნა, მებრძოლი ამბობს:

„მათთან პირადად ჯერ არ მილაპარაკია. ამ დროისთვის მათ კავშირი ჰქონდათ უკრაინის პრეზიდენტთან და მათ მეუღლეებთან. მაგრამ თუ ვსაუბრობთ მათ მორალურ მდგომარეობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მათზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმა იყო გამოყენებული: ფსიქოლოგიური, ფიზიკური. ეს არ შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩეს. და, რა თქმა უნდა, ეს დატოვებს კვალს ყველა ადამიანზე, მათ შორის მეთაურებზე, რომლებმაც, საბედნიეროდ, საბოლოოდ შეძლეს მტრის კლანჭებიდან გამოსვლა.

მგონია, რომ რუსებს უკიდურესად ეშინიათ: ეს მეთაურები დღეს უკვე აღარ არიან მხოლოდ სამხედრო საველე მეთაურები, წარმატებულები არიან, რომელთა გადაწყვეტილებები სამხედრო ისტორიაში დარჩება, ისინი დღეს უკვე სიმბოლოები არიან უკრაინელებისთვის. რუსებს კი ეშინიათ, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სიმტკიცეს მისცემს უკრაინელებს, რაც მათ უკვე საკმარისი აქვთ იმ ფონზე, რომ უკრაინა გამარჯვებას გამარჯვებაზე იღებს, ხოლო რუსეთისთვის მარცხს მარცხი მოსდევს. იმისთვის, რომ როგორმე შენელდეს და არ დააჩქაროს ეს პროცესი, ვფიქრობ, ამიტომაც მოითხოვდნენ, რომ ეს მეთაურები ომის დასრულებამდე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფილიყვნენ“.

მისივე თქმით, გაცვლილ ტყვეთა შორის არიან, მათ შორის ილენოვკაში ტერაქტის დროს დაჭრილები:

ამ ადამიანების წყალობით გვექნება შესაძლებლობა, მოვიპოვოთ მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში ილენოვკაში. ამ დროისთვის მათთან მუშაობა ნაადრევია. ახლა ყველა მათგანთან მუშაობენ ექიმები და ფსიქოლოგები, რათა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები