
შს მინისტრი: "დღეში შემომსვლელი რუსების რაოდენობა 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით გაიზარდა"
27/09/2022 07:55:08 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელუარი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში 250 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.
მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობამ დაახლოებით 40-45%-ით მოიმატა.
„მაგდენი არ შემოსულა. საიდან მოაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით ოთხი, ხუთი დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე შემომსვლელი ადამიანის რაოდენობა. ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45 %–ით მოიმატა და არა 250 ათასით. გუშინდელი ღამის შემდეგ, 10 ათასზე უფრო ნაკლები იყო შედარებით, 10 ათას ოთხას რაღაც იყო თუ არ ვცდები. ანუ 100 ათასი და 200 ათასი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60 %, შემომსველებთან შედარებით. რომ ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ესე არ არის. ზაფხულში, აგვისტოში, მაგალითად იყვნენ ტურისტები და არა ვთქვათ სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას. მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის და ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაშიც სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან – ზოგი იძახის, რომ ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს, პირიქით შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ ებრძოლონ უკრაინელებს. იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, შემოვუშვათ, თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.
პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.