
აფხაზეთის რუსული სამობილიზაციო დასამარება
27/09/2022 09:53:21 კონფლიქტები
დღეს აფხაზეთში 80.000-ზე ნაკლები აფხაზი ცხოვრობს, მთლიანობაში კი რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 240.000 ადამიანს შეადგენს.
ყოველთვის ასე არ იყო. კავკასიის ომის შემდეგ აფხაზი ხალხის მასობრივი გადინება გამოწვეული იყო რუსეთის იმპერიული პოლიტიკით. მაშინ აფხაზეთმა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, ისტორიკოსების გათვლით - 80-90%. აფხაზებს საკუთარ ქვეყანაში ზღვიდან 20 კმ-ზე ახლოს დასახლებას უკრძალავდნენ, იმპერიული ხელისუფლება კი სამხედრო სამსახურში მათ გაწვევას ეპუებოდა. ბევრი აფხაზი უკვე მაშინ შეიქმნა იძულებული, ქართული გვარი აეღო, რათა რუსეთის იმპერიაში "მეორე ხარისხის ადამიანად" არ ეგრძნო თავი. ძალიან ბევრს საკუთარი ქვეყნიდან გაქცევაც მოუწია.
აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთზე, სსრკ-ზე, რუსეთის ფედერაციაზე ასობით წლის განმავლობაში არსებობდა - ამის უარყოფა შეუძლებელია, ეს ისტორიული ფაქტია. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი, სსრკ და ამჟამინდელი რუსეთის ფედერაცია დიდი სიყვარულით ეპყრობოდნენ საკუთარ ხალხს. მით უფრო ვერ ვიტყვით ასე 100-ზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე აფხაზების მიმართ.
მარტო დიდი სამამულო ომის განმავლობაში აფხაზეთმა თავისი მოსახლეობის 10%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო აფხაზების 30%-ზე მეტი იმ ომში დაიჭრა. რომ აღარაფერი ვთქვათ რევოლუციურ წლებსა და აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე სტალინურ რეპრესიებზე.
შემდეგმა - აფხაზი ხალხის სამამულო ომმა, რომელიც სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და რუსეთის იმჟამინდელი ხელისუფლებების პოლიტიკის გამო მოხდა, ასევე არაერთი აფხაზის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფხაზმა ხალხმა გაძლო, მაგრამ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამოკეტილი იყო ახლა უკვე საკუთარ და დამოუკიდებელ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბლოკადის გამო.
აფხაზეთში ამ დრომდე ვერ ბრუნდებიან მუჰაჯირების შთამომავლები და აფხაზები თავისი რიცხოვნობით რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარსაც კი ვერ შეადგენენ - იქ სახლობენ ეთნიკური სომხებიც, რუსებიც, ქართველებიც, ებრაელებიც…
ამ ფონზე დღეს რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთში მობილიზაციის აუცილებლობის შესახებ ალაპარაკდნენ. რას ნიშნავს ეს განცხადებები? რას ნიშნავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დავალდებულება, მისი შვილები საზარბაზნე ხორცად გაუშვას მორიგ ომში, რომლის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება ამ ომის გამჩაღებლებსაც კი ვერ მოუხდენიათ?! რატომ უნდა გაწიროს მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმა თავისი საუკეთესო შვილები? არადა, სწორედ საუკეთესოებს შეარჩევენ სამთავრობო სამუშაო ჯგუფი და შემდგომი სამობილიზაციო კომისიები «აფხაზეთის რესპუბლიკაში სამობილიზაციო მზადების ხარისხის წინასწარი შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავების შესახებ" პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე.
ცხადია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გამოგზავნილი გეგმის მიხედვით აფხაზეთში შესარჩევ 3500 ადამიანს შორის არ იქნებიან არც მთავრობის, არც პრეზიდენტის დაცვის წევრები და არც თავად პრეზიდენტი ბჟანია, რომელმაც მთავრობას ზემოთხსენებული დავალება მისცა და რომელსაც ერთი ომი უკვე გამოტოვებული აქვს.
არადა, თუკი ეს მართლაც ესოდენ აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთისთვის, რომელიც რამდენიმე წელია, აფინანსებს აფხაზური ბიუჯეტის ნაწილს და თურმე, არ ძალუძს, თავად - ჩვენი პატარა რესპუბლიკის მოქალაქეების დახმარების გარეშე მოაბას თავი უკრაინაში მის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ლოგიკური იქნებოდა, მოეხდინათ აფხაზი ჩინოსნების, მილიციის, უშიშროების, საბაჟოს, ფისკალური ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკების ნახევრის მობილიზაცია - ეს ადამიანები, წესით, სათანადოდ მომზადებულები უნდა იყვნენ და ამასთანავე, სწორედ ისინი წარმოადგენენ რუსეთის საბიუჯეტო თანხების მომხმარებლებს, ზოგიერთები კი - დამტაცებლებსაც.
ჩვენს პრეზიდენტს ვურჩევდი, მიმართოს და საგნობრივად განუმარტოს რუსეთის პრეზიდენტს ისიც, რამდენი აფხაზი დარჩა ჩვენს პატარა ქვეყანაში ჯერ - რუსეთის იმპერიაში, ხოლო შემდეგ სსრკ-ში ყოფნის შემდეგ, ისიც, რომ აფხაზეთი ვიღაცამ უნდა დაიცვას, თუკი, როგორც ზოგიერთები ამბობენ, მეზობელი საქართველო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, "მეორე ფრონტს" გახსნის და ისიც, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაში ერთი სიტყვაც არაა აფხაზი ხალხის მობილიზაციის შესახებ.
სადღეისოდ რუსეთის სამობილიზაციო გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება: მაგალითად, 3,1 მლნ-იანი დაღესტნიდან 15.000 ადამიანის გაწვევა იგეგმება, ხოლო მოსახლეობის იგივე რაოდენობის მყოლი ნიჟეგოროდის ოლქიდან - 7.500-ის. “აფხაზეთის ოლქმა” - როგორც ჩვენს რესპუბლიკას რუსეთის მაღალ წრეებში მოიხსენიებენ, თავისი 240.000-იანი მოსახლეობიდან 3.500 მოქალაქის მობილიზება უნდა მოახდინოს.
თავად განსაჯეთ. ასლან ბჟანიამ უკვე განსაჯა.
ინალ არისთავა
______________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება