
ალან გაგლოევმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა
27/09/2022 16:17:43 კონფლიქტები
დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გაიმართა.
„ამჟამინდელი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დავალებები მისცა რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს - უზრუნველყონ თავიანთი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება, მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარონ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებთან, შეათანხმონ რუსულ მხარესთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების პროცედურა“, - ნათქვამია "პრეზიდენტ" ალან გაგლოევის პრეს–სამსახურის მიერრ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული რეგიონის ზოგიერთ მცხოვრებს შეეზღუდა რუსეთის ფედერაციის დატოვება „რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე“.
26 სექტემბერს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია სამხრეთ ოსეთს არ შეეხება".
„სამხრეთ ოსეთში მობილიზაციაზე ორიენტირებული ღონისძიებები და ზოგადად მობილიზაცია არ იგეგმება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.