
არძინბა – აფხაზეთიდან დევნილებზე: "არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ"
28/09/2022 08:20:44 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსეთის ტელეკომპანია „რასია 24-თან“ ინტერვიუში შეაფასა 24 სექტემბერს ენგურის ხიდთან გამართული აქცია, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება იყო.
„ჩვენ არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ და ამის განხილვასაც არ ვგეგმავთ, მსგავს აქციებს პროვოკაციად განვიხილავთ“,- განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „ამ თემას და ქართველი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს აშშ-ის საელჩო და USAID კურირებს".
„ჩვენს საზღვართან ასეთი აქციები არ ემსახურება მშვიდობის გამტკიცებას და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას“,- განაცხადა არძინბამ.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე სახის დიალოგზე გავიდეთ. ჯერჯერობით ვითარება საკმაოდ გაყინულ მდგომარეობაშია“.
არძინბას განცხადებით ერთ კვირაში ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართება.
„დარწმუნებული ვართ რომ საქართველოში მორიგ ჯერზე ხელს არ მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ეს ჩვენთვის, აფხაზური მხარისთვის იმის დადასტურებას წარმოადგენს, რომ საქართველო მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სახის სცენარების ემზადება. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, როგორ მუშაობს საქართველო სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე, მუშაობს ნატოელებთან, მართვას წვრთნებს. ყიდულობს სამხედრო, დამრტყმელ, მზვერავ უპილოტო საფრენს აპარატებს, ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც მშვიდობისთვის ემზადება ასე არ მოიქცეოდა“,- აღნიშნა არძინბამ.
საქართველოს კონროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 270 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დევნილთა დაბრუნების თემა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია.
ივნისში გაერო–მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კვლავ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.