Accentnews.ge
მედია: ლუკაშენკო აფხაზეთს სტუმრობს

მედია: ლუკაშენკო აფხაზეთს სტუმრობს

28/09/2022 11:44:44 კონფლიქტები

გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია.

ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობთ იუწყება.

ამავდროულად სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ვრცელდება ვიდეო-კადრები, რომელზეც აფხაზეთის ტერიტორიაზე საგზაო პატრულის ეკიპაჟების თანხლებით კორტეჟის გადაადგილებაა ასახული. ტელეგრამ-არხი АМРА- life წერს, რომ "მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტის კორტეჟმა უკვე ჩაიარა გაგრაში", ხოლო ტელეგრამ-არხი D News Abkhazia აღნიშნავს, რომ "სტუმართან შეხვედრა ბიჭვინთაშია დაგეგმილი".

თავის მხრივ ჟურნალისტი იზიდა ჭანია წერს, რომ "საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია და მთელი აფხაზეთი მკითხაობს, ვინ ეწვია რესპუბლიკას".

ცნობისთვის, 26 სექტემბერს ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით სოჭს ეწვია რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.

30 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს დაბადების დღე მიულოცა. იმავე პერიოდში ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი "მზადაა, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსისა და სხვა ქვეყების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს". ამასთან, აფხაზმა ლიდერმა დასძინა, რომ აფხაზეთს ბელარუსის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური კონტაქტები არ ჰქონია, თუმცა "რესპუბლიკის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ ბელარუსი ბიზნესმენები".

• 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ბელარუსი ლიდერის მტკიცებით, დასავლეთი მას დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა სანქცირების შემთხვევაში მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა.

• ბოლო პერიოდში ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ “არ გამორიცხავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, როგორც კი ამ ნაბიჯის საჭიროებას დაინახავს და ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სთხოვს”. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ლუკაშენკოს “არ უგზავნიდა სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S