28-09-2022 17:51:10 ინტერვიუ
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ საქართველოს საზღვართან გადაჭიმული მრავალკილომეტრიანი რიგები, თუ სოციალური ქსელებითა და მინი–გამოკითხვებით ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებაში აქტიურად განხილვადი თემაა: მნიშვნელოვანი ნაწილი შეშფოთებულია, ნაწილი იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რაც მეტი გაექცევა მობილიზაციას, ნაკლები მკვლელი ჩავა უკრაინაში და არიან ისეთები, რომლებიც ფინანსურ ინტერესებს წინა პლანზე აყენებენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა ზოგადი შეფასებები კი, რაც ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადის მოძალების შემდეგ გვესმის – „ვითარება კონტროლირებადია“, „ყოველთვის იყვნენ რუსი ტურისტები საქართველოში“, „საზღვარზე „ფილტრაცია“ მიმდინარეობს“ – დამამშვიდებლად აშკარად არ მოქმედებს, ნამდვილად არ გვაქვს რა საქმე ტურისტებთან – მოკლევადიან და შემოსავლის მქონე ვიზიტორებთან. საზღვარზე გადმოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ამბობს, არ იცის, სად დარჩება, როგორ იცხოვრებს და რით დაკავდება მომავალში – შინ დაბრუნებამდე.
ამ ფონზე ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაიჟღერა რიგმა შეთავაზებამ: შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი, ჩაიკეტოს საზღვარი, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს... მაგრამ მმართველი გუნდი, თუ 27 სექტემბრის მდგომარეობით ვიმსჯელებთ, არანაირი შეზღუდვის დაწესებას არ აპირებს. იმავდროულად, ბუნდოვანია, აქვს თუ არა ხელისუფლებას ამ პრობლემის მიმართ სტრატეგიული ხედვა? როგორ აფასებს თანმდევ რისკებს და რა ზომებით განიხილავს მის აღმოფხვრას? პოტენციური რისკები კი, რაზეც პროცესზე დამკვირვებლები ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც ღია არხებში რუსეთის მოქალაქეებს შორის ინფორმაციის გაცვლას ადევნებენ თვალს, სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე „აქცენტთან“ უპირველესად იმ განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც რუსეთიდან მოზღვავებულ პირველ და მეორე ნაკადს შორის გამოიკვეთა: პირველ ნაკადში, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე წამოვიდა, იყო ხალხი, ვინც რეალურად არ იზიარებდა რუსულ პოლიტიკას – მეზობლების მიმართ აგრესიას და ასევე იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ეკონომიკური კაპიტალის გადაერჩინა სურდათ:
„ეს შემოსვლა იყო ნაკლებად ქაოსური, ნაკლებად არაპროგნოზირებადი და როდესაც არსებობს პროგნოზირებადობა, არსებობს მოვლენების მართვის შესაძლებლობაც. მივიღეთ კიდეც მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტები, რომელიც მთლად ნეგატიურიც არ იყო: შემოვიდა საკმაოდ სერიოზული კაპიტალი და ამ შემთხვევაში ახსნადია ხელისუფლების პოზიცია, რატომ არ დაკეტა საზღვარი. ამასთან, რაოდენობაშიც იყო თვისობრივი სხვაობა“.
რაც შეეხება მეორე ნაკადს, რომელიც რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიძრა სპონტანურად, ის ამგვარად ხსნის:
„რუსული საზოგადოება უეცრად აღმოჩნდა შოკის ქვეშ, გააცნობიერეს რა, რომ რუსული პროპაგანდის მტკიცება, თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ასე არაა და მეტიც, დღეს გეგმა არ არსებობს: საუბარი იყო სამეტაპიან მობილიზაციაზე, რომლის შედეგადაც ჯამში, სამხედროების რაოდენობა 1 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს. ეს მობილიზაცია სახმელეთო ჯარს ეხება, რადგან არავის აქვს ილუზია, რომ რამდენიმე დღეში მოხდება მფრინავის და არტილერისტის მომზადება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო ჯარებს ამ ეტაპზე უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია, სახმელეთო ჯარი უკრაინაში დამარცხდა! ჩვენ ვნახეთ, რომ პირველი ეშელონები მობილიზებული სამხედროებისა (მომზადებაზეც არ ხარჯავენ დროს) უკვე განადგურდა და პირველი ბატალიონები უკვე ჩაბარდა ტყვედ უკრაინულ ნაწილებს. ანუ ვხედავთ, რომ, არც ეს მობილიზებულები არ არიან ბრძოლისუნარიანი. ამ შოკმა, ცხადია, ბევრი ადამიანი დააფიქრა, რას ნიშნავს მათთვის ომში წასვლა და რომ ეს უეჭველ სიკვდილს გულისხმობს. სწორედ ამის ეშინიათ. ვხედავთ, რომ ეს ხალხი, ხალხთა დიდი გადასახლების ლოგიკით, რაც მე–5 საუკუნეში გვახსოვს ევროპის კონტინენტზე, მოდის დღეს საქართველოს მიმართულებით“.
და უკვე აქ, გობრონიძის ხედვით ჩნდება დილემა და რისკებიც.
დილემა:
„ჩავკეტოთ საზღვარი, ეს ხალხი კი წავიდეს უკრაინაში ან ებრძოლოს თავის რეჟიმს? თუ შემოვუშვათ? ვფიქრობ, ამ თემაზე კამათი დღეს უკვე დაგვიანებულია, რადგან ფაქტია, რომ ეს ხალხი შემოვუშვით და კვლავ ვუშვებთ. შემოშვების პირობებში კი ჩნდება კითხვები, რამდენად აქვს სახელმწიფოს რისკები დათვლილი და გაანალიზებული“.
რისკები გობრონიძის ხედვით:
„თუ ეს რისკები დათვლილია, მართვის რა სტრატეგია არსებობს? რადგან რისკს ვერ გავაქრობ, უნდა ვმართოთ“,– კითხულობს გობრონიძე.
რაც შეეხება მათ შორის, შს მინისტრის მტკიცებას, რომ საზღვარზე „ფილტრაცია“ ხორციელდება, გობრონიძე საკუთარი დაკვირვების შედეგებს უპირისპირებს: „საზღვართან უამრავი საინფორმაციო არხია, ნაწილის მონიტორინგს პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე მეც ვაკეთებ. საქართველოს მხარეს კონტროლი არ არსებობს – ამას ამბობენ თავად რუსები, ერთმანეთისთვის გაზიარებულ ინფორმაციებში – პსპორტში უბრალოდ ჩახედავენ, ჩაურტყამენ ბეჭედს და უშვებენ, ერთ კითხვასაც არავინ უსვამთ. ხალხი, რომელიც საზღვარზე გამოდის, მათ დავუჯერო, თუ ხელისუფლებას, რომელიც თავის მართლების რეჟიმშია? მე უფრო იმ ადამიანების მჯერა, რომლებიც იქ იმყოფებიან და ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას“
„ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“– ეს მიაჩნია გობრონიძეს შექმნილ ვითარებაში გამოსავლად, როგორც ეს მაგალითად, გერმანიამ და აშშ–მა განაცხადეს: მობილიზაციას გამოქცეული ადამიანები არიან თავშესაფრის მაძიებლები, რასაც შესაბამისი სამართლებრივი გზის გავლა სჭირდება. უნდა განისაზღვროს ამ სტატუსის მინიჭების წესი: ვის, რა დროით და რა პირობით მიენიჭება და რა უნდა გააკეთონ მის შესანარჩუნებლად?
„ვის ვატყუებთ? არ არის ეს ხალხი ტურისტი: მანქანები გაყიდეს და ველოსიპედები იყიდეს რომ გადარჩნენ! შემდეგ ტურიზმის დეპარტამენტი გვეტყვის, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობაო! თქვენ შემდეგ ტალღებზე და ომში რუსეთის მარცხის შემდეგ ნახეთ, როგორ გაიზრდება! ეს ხალხი თავშესაფარს ეძებს და ამას თავისი სახელი უნდა ერქვას! სწორედ ამაზე მაქვს საუბარი და არა იმაზე, რომ არაჰუმანური პოლიტიკა ვაწარმოოთ ხალხის მიმართ. ეს არ არის ელიტური ჯგუფი, რომელმაც აქ კარგი დრო უნდა ატაროს! ისინი გამოექცნენ პრობლემებს, ხოლო ჩვენ შეიფარეთ და სულ მცირე, ჩვენ მათგან ვიმსახურებთ მადლობას, პატივისცემას, ჯეროვან მოქცევას, როგორც თავშესაფარში უნდა მოიქცეს თავშეფარებული ადამიანი“.
ამასთან, ვინაიდან ქვეყანა შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანთა მასას ვერ შეიფარებს, გობრონიძის ხედვით, საქართველომ ამაზე ღიად უნდა ილაპარაკოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მესამე ქვეყნებთან, ითხოვოს დახმარება და ხელიც შეუწყოს მათ გადანაწილებას სხვა ქვეყნებში.
იხილეთ ასევე: რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა ლარსი – რუსული და ქართული სტატისტიკა