27-09-2022 17:48:33 საზოგადოება
მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილში რუსეთიდან მოქალაქეების მორიგი ნაკადის შემოდინებით მღელვარებამ იმატა, საქართველოს შსს ბოლო 10 დღის სტატისტიკას აქვეყნებს, თუმცა არა საკუთრივ ზემო ლარსის, არამედ ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა–გადაკვეთის.
ამასთან, შსს ადასტურებს, რომ 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.
ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე.
იხილეთ ასევე: რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი მობილიზაციის შემდეგ – რუსული ვერსია
შსს–ში აცხადებენ, რომ "რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით.
ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით".
როგორც შსს–ში აღნიშნავენ, "სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით":
"ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება. შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას",– ირწმუნებიან შსს–ში.
იხილეთ ასევე: ოთახი #222 ლარსზე, ლატარიაზე შეგდებული ბედი და ჩრდილოეთ კავკასიელები ქართველების განაჩენის მოლოდინში