Accentnews.ge
„ლუკაშენკოს მხრიდან ეს პროვოკაციული ნაბიჯია საქართველოს წინააღმდეგ, საჭიროა დიპლომატიური პასუხი“

„ლუკაშენკოს მხრიდან ეს პროვოკაციული ნაბიჯია საქართველოს წინააღმდეგ, საჭიროა დიპლომატიური პასუხი“

28/09/2022 14:35:21 კონფლიქტები, პოლიტიკა

დიდი ხანია, ლუკაშენკო გახდა პუტინის არა უმცროსი ძმა, არამედ მისი აპარატის თანამშრომელი,– ამგვარად აფასებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი „ლელოდან“ დავით უსუფაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, შესაბამისად ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევას.

მისი თქმით, ის მოქმედებს არა ბელარუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი პოზიციების გადარჩენის სურვილით.

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ „მოკლევადიან პერსპექტივაში მან შესაძლოა, არც თუ სასიამოვნო ამბები ჩაიდინოს“, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას ვერ მოახდენს:

„დიახ, ის ბელარუსის პრეზიდენტია, მაგრამ მის ნაბიჯებს ბელარუსი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა–აღიარებაზე შეუძლებელია, გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს.

ვიზიტი სოხუმში არის არა იმდენად საქართველოს საწინააღმდეგო, რამდენადაც აფხაზეთის შემომტკიცებისთვის: პუტინმა კარგად იცის, რომ აფხაზები არ აპირებენ არც რუსეთთან შეერთებას და არც უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მასობრივად წასვლას. გარდა ამისა, რუსეთის საერთაშორისო პოზიციების შერყევის და უკრაინაში ვერმიღწეული წარმატების ფონზე, აფხაზეთში და სხვაგანაც – იმ ანკლავებში, სადაც რუსეთის გრძელვადიანი მფარველობის პერსპექტივებზე ჰქონდათ გათვლა, შეინიშნება სერიოზული შეშფოთება და ალტერნატიული გზების ძიება. ამიტომ, ეს უფრო აფხაზეთის დაყვავებისა და შემომტკიცებისთვისაა, ვიდრე რაიმე სხვისთვის. მაგრამ ლუკაშენკომ ამით ის გააკეთა, რომ დიახ, ჩავიდა სოხუმში, ვეღარ ჩამოვა თბილისში, ვეღარ იტყვის აქ გრძელ სადღეგრძელოებს და ვერც დუშეთში ესტუმრება ყოფილ პრეზიდენტს, რადგან უკვე ჩვენი კანონი უკრძალავს შემოსვლას“.

მისი შეფასებით, ლუკაშენკოს მხრიდან ეს პროვოკაციული ნაბიჯია საქართველოს წინააღმდეგ:

„პუტინს პროვოკაციაც არ სჭირდება, ომი აქვს ჩატარებული საქართველოში და მიტაცებული აქვს ტერიტორიები. ახლა, უკრაინაში, შიგნით – რუსეთში შექმნილი ვითარების ფონზე ცდილობს პუტინი, დაამაგროს ის წერტილები – ანკლავები, რომლებიც მისი იმპერიული ზრახვებისთვის მნიშვნელოვანია. ახლა ლუკაშენკო ჩართო ამ საქმეში. ესაა არასასიამოვნო რეალობა, მაგრამ არც თუ მოულოდნელი იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში“.

მისი ხედვით, ამ ამბავს სახელმწიფომ დიპლომატიური პასუხი უნდა გასცეს:

„უკვე რაც მოვისმინეთ, ეს ჯერ–ჯერობით ადეკვატურია. რაც შეეხება შემდეგ მოვლენებს, უნდა დაველოდოთ“.

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S