
დარჩიაშვილი გმობს ლუკაშენკოს უკანონო ქმედებას
28/09/2022 18:35:30 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს უკანონო ქმედებას უწოდებს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას.
"პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას," - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.
2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.