
რა წერია ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ლიდერის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა
29/09/2022 07:52:30 კონფლიქტები
ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება ქვეყნის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა:
„ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“.
განცხადებაში ასლან ბჟანიას თანამდებობა მითითებული არ არის.
ვებსაიტზე ლუკაშენკოს განცხადებებიცაა მოყვანილი, ის, რომ „აფხაზეთის პრობლემები“ მან რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმირ პუტინთან განიხილა.
„ჩვენ ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ, გვიან ღამემდე, იგი ძალიან ჩაფლულია, ჩემზე მეტად აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში, დიდხანს არ ვილაპარაკებ ამაზე, მაგრამ ჩვენ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლი, ამის გაკეთებას ვერც ერთი სანქცია ვერ შეძლებს. აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, უნდა დავეხმარო, რომ ეს აყვავებული მხარე და ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს. ჩამოვედი არა იმიტომ, რომ რაიმე [განსაკუთრებული] ვითარებაა. ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს, არ გვაწუხებს არანაირი გეოპოლიტიკა. ჩვენ უბრალო ისევე, როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება", – აცხადებს ლუკაშენკო.
28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.