აფხაზეთის და რუსეთის დროშები ბათუმის #7 სკოლაში: სკანდალის შემდეგ დირექტორი გაათავისუფლეს

30-09-2022 11:25:28

ბათუმის #7 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამავე სკოლაში დაფიქსირებული სკანდალური ფაქტის გამო. საუბარია სკოლის სტენდზე აფხაზეთის დროშის განთავსებაზე.

აჭარის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება დღესვე შეწყდება.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას.

ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის, იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას“,- თქვა მაია ხაჯიშვილმა.

29 სექტემბერს ადგილობრივმა მედიასაშუალებამ „TV25“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის ხსენებულ საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია. სტენტდზე ასევე განთავსებული იყო აფხაზსეთის დროშა.

დღეს სკოლის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ მოსწავლე დაისაჯა არა საკუთრივ დროშის ჩამოხევის, არამედ სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის. ხოლო სკოლის სტენდზე დამლუკიდებელი ქვეყნების სახელმწიფო სომბოლოები იყო გამოსახური. როგორც აღმოჩნდა მათ შორის აფხაზეთის დროშა, ამას ადმინისტრაციაში ბეჭდვისას შეცდომის დაშვებით ხსნიან.

აჭარის განათლების მინისტრმა ცალსახად განმარტა, რომ მოსწავლე სკოლიდან გარიცხული არაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები