TI: "შსს, სუს-ი, მთავრობის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები ინფორმაციას არ აქვეყნებენ გამარტივებულ შესყიდვებზე"

30-09-2022 12:37:56 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრუნულ სისტემაში გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებენ. ჩამონათვალში გაუმჭვირვალე შესყიდვებით პირველ ადგილზეა მთვრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 2010-2022 წლებში გამარტივებული შესყიდვით გზით გაფორმებული ერთი კონტრაქტიც კი არ აქვს გამოქვეყნებული შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო სახელმწიფო შესყიდვების გამოქვეყნების აუცილებლობაზე არაერთი წელია მიუთითებს სახელმწიფო უწყებებს. ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვების შესახებ არასრული ინფორმაციის გამოქვეყნება "ტექნიკური ხარვეზით" ახსნა, მაგრამ ეს ხარვეზი წლების განმავლობაში არ გამოსწორებულა.

"2019 წლის სექტემბერში წერილით მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ვაცნობეთ იმ შემსყიდველების ჩამონათვალი, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტებს არ აქვეყნებდნენ. ამავე წლის ოქტომბერში კონტრაქტების ნაწილი სისტემაში აიტვირთა, რაც სავარაუდოდ, ჩვენი წერილის გავლენის შედეგი იყო. მაგალითად, აიტვირთა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების კონტრაქტები. ცნობისათვის, მანამდე შსს-ს 2015 წლის 3 ივნისის შემდეგ არ ჰქონდა გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები გამოქვეყნებული. თუმცა, ისევ არ გამოქვეყნდა ისეთი მსხვილი უწყებების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები, როგორებიცაა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური.

2019 წლის ოქტომბერში შსს-ს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების ერთიანად გამოქვეყნების შემდეგ, კონტრაქტების გამოქვეყნება ისევ შეწყდა" - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები შეგნებულად არ ქვეყნდება და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს, რითაც საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები