პუტინმა ბჟანიას ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა

30-09-2022 12:56:42 კონფლიქტები

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას და რეგიონის „პრეზიდენტს“ ასლან ბჟანიას „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა, რომელიც აფხაზეთში 30 სექტემბერს აღინიშნება.

„ძვირფასო ასლან გეორგიევიჩ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო გავამყაროთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელი სპექტრი ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია ტექსტში.

პუტინმა ბჟანიას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, აფხაზეთის ყველა მოქალაქეს კი მშვიდობა და კეთილდღეობა.

ბჟანიას მილოცვაში საუბარია "აფხაზეთის კეთილდღეობისთვის“ გაერთიანების გაუცილებლობაზე:

„413 მძიმე და საშინელი დღე გაგრძელდა აფხაზეთის ხალხის სამამულო ომი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ვაჟები და ქალიშვილები. ჩვენმა უშიშარმა მეომრებმა აფხაზეთი იხსნა გენოციდისა და განადგურებისგან. აფხაზებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, სამშობლოს დასაცავად ფეხზე წამოდგნენ ჩვენი თანამემამულეები, მუჰაჯირთა შთამომავლები. ცალკე მინდა, გამოვყო მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან. აფხაზეთს ყოველთვის ემახსოვრება ჩერქეზების, ყაბარდოელების, აბაზინების, ჩეჩნების, ოსების, ინგუშების, დაღესტნელების და სხვა ხალხების წარმომადგენლების მამაცური ქმედება“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, „აფხაზეთის არმიის რიგებში ასევე უშიშრად იბრძოდნენ რუსეთის სამხრეთის კაზაკები, მოხალისეები რუსეთის სხვა რეგიონებიდან, დონბასის და დნესტრისპირეთის დიდებული შვილები“.

„ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ აფხაზეთის კეთილდღეობის სახელით. მხოლოდ ერთად მივაღწევთ მთავარ მიზანს - თავდაჯერებულ მომავალს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას“, - განაცხადა ბჟანიამ.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები