"საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც პარლამენტმა 2021 წელს მიიღო, მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა"

30-09-2022 13:02:09 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც პარლამენტმა 2021 წელს მიიღო, მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ანგარიში წარადგენა.

მისი თქმით, სასამართლოსთან მიმართებით 2021 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკიდურესად გაიოლდა საქმის განხილვისგან მოსამართლეთა ჩამოცილება. გარდა ამისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა შემცირდა, შეიზღუდა მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, გამკაცრდა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სხვა.

"გასულ წელს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო ხელისუფლებაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც სახალხო დამცველის, ეუთო/ოდრის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად გააგრძელა და დაასრულა. ხელისუფლების მხრიდან უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაჩქარებულად დანიშვნის ერთ-ერთ არგუმენტად სასამართლოს გადატვირთულობა სახელდებოდა, თუმცა საქმეების განხილვის პერიოდულობა კვლავ პრობლემურია. მაგალითისთვის, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაშვებად ცნობილი 835 საქმიდან კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში სასამართლომ საქმის წარმოება მხოლოდ 25 შემთხვევაში დაასრულა. გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც დასაშვებად ცნობილი 722 საქმიდან უზენაესმა სასამართლომ 6 თვიან ვადაში მხოლოდ 1 საქმე განიხილა. სწრაფი მართლმსაჯულება პრობლემურია საკონსტიტუციო სასამართლოშიც, საკონსტიტუციო სასამართლოში 70-მდე აღწევს იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებიც 2015-2020 წლებში იყო რეგისტრირებული, არსებითი განხილვა დასრულებულია, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები