პესკოვმა განაცხადა, რომ "უპასუხისმგებლო ხალხი" საუბრობს რუსეთის მხრიდან ბირთვულ ესკალაციაზე

30-09-2022 17:47:25 მსოფლიო

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა რუსეთის განზრახვა, გამოიყენოს ატომური იარაღი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს - იუწყება რუსული მედია.

„ბირთვულ ესკალაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან... ჩვენ არ გვინდა ამ თემის განვითარება. ყველას მოვუწოდებთ, რომ პასუხისმგებლობით მოიქცნენ“, - განაცხადა პესკოვმა.

როდესაც ჟურნალისტმა მიუთითა პესკოვს რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საფრთხის" შემთხვევაში, კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს დოკუმენტის არასწორი ციტირებაა და მოუწოდა, გადაიკითხოს.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს „ყველა ხელმისაწვდომი საშუალება“ „თავისი ტერიტორიების“ დასაცავად. იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს „თავისად“ მიიჩნევს – ოთხი რეგიონის ანქესიას მოაწერა ხელი. ხსენებული მიმართვისას პუტინმა დასავლური ქვეყნები ე.წ „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი ფლობს „სხვადასხვა განადგურების საშუალებას“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინი დაადანაშაულა „ევროპისთვის ღია ბირთვული საფრთხის შექმნაში“.

26 სექტემბერს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უპასუხებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას. მან არ დააკონკრეტა, რა იქნებოდა აშშ-ის პასუხი, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირადად „დეტალურად აუხსნა მოსკოვს, თუ რას ნიშნავდა ეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები