ოკუპანტებმა სოფელ კნოლევთან მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

30-09-2022 18:28:10 კონფლიქტები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ჩასვეს ძელები და მავთულხლართები გაავლეს. ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

სუს-ში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ განახლებული „ბორდერიზაცია“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცის, ოქონას და კნოლევის მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებაა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული წლის მაისშიც გამოჩნდნენ და იქ არსებული ღობეების გასწვრივ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები