"აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად"

30-09-2022 20:31:23 მსოფლიო

აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად, მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით,– ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.

„აშშ გმობს რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას, მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსია. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაერო-ს წესდებას და გამოხატავს თავის ზიზღს ყველგან მშვიდობიანი ერების მიმართ. არ შეცდეთ! ამ ქმედებებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია! აშშ ყოველთვის სცემს პატივს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით, მათ შორის 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გამოყოფით, რომელიც აშშ-მა მიმდინარე კვირას გამოაცხადა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ანექსიის შესახებ ყალბი განცხადებების საპასუხოდ, აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებს აწესებს. სანქციები შეეხება რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის ცვლილების უკანონო მცდელობებს.

ამასთამ, ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისთვის.

„მოუთმენლად ველოდები კონგრესის მიერ კანონის ხელმოწერას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის დამატებით 12 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს“, – დასძენს ბაიდენი და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები