სტოლტენბერგი: "NATO-ს კარი ღია რჩება, მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები"

30-09-2022 20:37:21 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები.

„ყველა დემოკრატიას ევროპაში აქვს უფლება განაცხადი შეიტანოს, ნატო-ს კარი ღია რჩება. მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები. ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის სწრაფი დახმარების მიწოდებაზეა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

სტოლტენბერგს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, „ფრონტზე უკრაინის წარმატებებს პუტინისგან ესკალაციები მოჰყვება და იცვლება თუ არა ამით ნატო-სთვის რამე“.

„პუტინის გამარჯვება კატასტროფული იქნება უკრაინისთვის და ძალიან ცუდი ჩვენთვის. თუ უსმენთ რასაც ამბობს, მისი გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს. ამიტომ ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდასაჭერად ფასს, რომ წააგოს - ფასი გაცილებით მეტი იქნება. ძალიან ნათლად გავაგებინეთ რუსეთს, რომ მძიმე შედეგები მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას უკრაინაში. ყოველთვის არის რისკი უკრაინის გარეთ ესკალაციის. დამატებით ძალებს ვაგზავნით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილებში. ნატო-ს მიზანია უკრაინის მხარდაჭერა და ამავდროულად ესკალაციის თავიდან არიდება და პუტინისთვის მესიჯის მიწოდება, რა მოყვება ატომური იარაღის გამოყენებას“,- განაცხადა საპასუხოდ სტოლტენბერგმა.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს:

„დე-ფაქტოდ ჩვენ უკვე გავიარეთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ და დავამტკიცედ მის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი [სტანდარტები – რედ.] რეალურია უკრაინისთვის – როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე- ფაქტო. დღეს კი უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა გააკეთოს ეს დე-იურე, იმ პროცედურით, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენს მნიშვნელობასთან მთელი ჩვენი თანამეგობრობის დაცვაში. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ რა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები