"პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ნათლად გავაგებინეთ ეს”

30-09-2022 21:03:57 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსია ომის ხასიათს არ ხსნის, თუმცა "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციაა" 24 თებერვლის შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით, "ნატო ყურადღებითაა“:

„ვაკვირდებით, რუსეთი რას აკეთებს. პუტინს უნდა ესმოდეს, რომ ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ნათლად გავაგებინეთ ეს”.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ყველას ინტერესშია, პუტინმა მიზანს არ მიაღწიოს, ვინაიდან „ავტორიტარული ძალები ირწმუნებენ, რომ ასე შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა".

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს „ყველა ხელმისაწვდომი საშუალება“ „თავისი ტერიტორიების“ დასაცავად. იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს „თავისად“ მიიჩნევს – ოთხი რეგიონის ანქესიას მოაწერა ხელი. ხსენებული მიმართვისას პუტინმა დასავლური ქვეყნები ე.წ „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი ფლობს „სხვადასხვა განადგურების საშუალებას“.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა რუსეთის განზრახვა, გამოიყენოს ატომური იარაღი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს - იუწყება რუსული მედია.

„ბირთვულ ესკალაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან... ჩვენ არ გვინდა ამ თემის განვითარება. ყველას მოვუწოდებთ, რომ პასუხისმგებლობით მოიქცნენ“, - განაცხადა პესკოვმა.

როდესაც ჟურნალისტმა მიუთითა პესკოვს რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას "რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საფრთხის" შემთხვევაში, კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს დოკუმენტის არასწორი ციტირებაა და მოუწოდა, გადაიკითხოს.

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები