
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისი – ნიკა გვარამიას საქმის შესახებ: "ყურადღებით ვადევნებთ თვალს"
04/10/2022 09:47:00 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფისის ხელმძღვანელი ფრედერიკ ბერნარდი აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს ყურადღებით აკვირდებიან.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი გვარამიას საქმეს. ფუნდამენტური უფლებები და სამართლიანი სამართლებრივი პროცესის უფლება დაცული უნდა იყოს, გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტილებები, კანონის უზენაესობის პრინციპიდან და საერთაშორისო ვალდებულებებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე“, – წერს, „მთავარი არხის“ ცნობით, ბერნარდი „მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილისა და ქართული მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ 24 მაისს გაგზავნილი მიმართვის საპასუხო წერილში.
ამასთან, წერილში ბერნარდი წერს, რომ ევროკავშირი გამუდმებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო რეფორმა, – რაც 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.
16 მაისს ნიკა გვარამიას 3წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გვარამიას პროკურატურა ედავება „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.