
ოქტომბრის დასაწყისიდან ბელარუსმა რუსულ ჯარს 30 ვაგონი გაუგზავნა საბრძოლო მასალებით – უკრაინის გენშტაბი
06/10/2022 16:07:37 ევროპა
ოქტომბრის დასაწყისიდან ბელარუსმა რუს ჯარებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 30 ვაგონი საბრძოლო მასალა გაუგზავნა, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ალექსეი გრომოვმა.
„ოქტომბრის დასაწყისიდან, ბელარუსის არსენალებიდან საოკუპაციო ჯარებს დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით გაეგზავნათ თითქმის 30 ვაგონი საბრძოლო მასალება. მთლიანობაში, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, ბელარუსის ტერიტორიიდან გაიგზავნა 26 ეშელონი, ჯამში 250 ვაგონამდე – 10 000 ტონაზე მეტი“, - განაცხადა გრომოვმა 6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, 6 ოქტომბერს, აგვისტოს შემდეგ პირველად, რუსეთის ჯარებმა ბელარუსის ტერიტორიიდან ოთხი TU-22М3 თვითმფრინავით შეუტიეს უკრაინას. გრომოვმა აღნიშნა, რომ ავიაცია რუსებმა ამ მიმართულებით ბოლოს 28 აგვისტოს გამოიყენეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ დააზუსტა, რომ საუბარია დილით ხმელნიცკის რაიონზე, Kh-22 რაკეტებით განხორციელებულ დარტყმებზე. მანამდე ხმელნიცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი გამალიმ თქვა, რომ დაახლოებით დილის 6:00 საათზე შეპეტოვსკის რაიონში ორი რუსული რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა: ერთი ინფრასტრუქტურულ ობიექტთან დაეცა, მეორე მინდორში. მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.
„ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებს აგრესორის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აგრესორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცერთა ჯგუფის მუშაობა გრძელდება სათადარიგო ნაწილების შერჩევა–გადატანის
მტრის ჯავშანტექნიკის საჭიროებისთვის. მიმდინარეობს მუშაობა ბელარუსის ბაზებზე, საწყობებზე, არსენალებზე“, - განაცხადა გრომოვმა.
იხილეთ ასევე: „24 თებერვლის განმეორებას აღარავინ დაუშვებს – ომი ბელარუსისვე ტერიტორიაზე დაიწყება“: ლუკაშენკოს აფრთხილებენ
***
ბელარუსი ამ დრომდე პირდაპირ არ არის ჩართული უკრაინის ომში, მაგრამ ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა.
ლუკაშენკომ რუს ჯარებს ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა, საიდანაც რუსული ძალები ახორციელებენ გაფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად და ასევე რაკეტების გაშვებას. გაეროს ამ დროისთვის 6 000–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული (რეალური მსხვერპლი მეტია), რომელთა უმეტესობაც სწორედ რომ სარაკეტო, საჰაერო, საარტილერიო თავდასხმებს ემსხვერპლა.
ბელარუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში თანამონაწილეობის გამო.