
„სამხედრო კორესპონდენტები“: კრემლის პროპაგანდა ახლებურად
06/10/2022 18:16:27 ეს საინტერესოა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პრორუსმა სამხედრო ბლოგერებმა, რომლებიც საკუთარ თავს „სამხედრო კორესპონდენტებს“ უწოდებენ, სწრაფად დაიწყეს პოპულარობის მოპოვება Telegram-ზე რუსებს შორის. ზოგიერთი ამ ავტორის აუდიტორია მილიონ მომხმარებელს აჭარბებს. „სამხედრო კორესპონდენტების“ ფენომენზე დასავლურმა პრესამაც გაამახვილა ყურადღება, მათ აკვირდებიან მკვლევარები.
„პოპულარული პროპაგანდისტი ბლოგერები ავრცელებენ კრემლის ცრუ მესიჯს იმის შესახებ, რომ რუსეთი ებრძვის „ნაცისტებს“, და უკრაინელების მიმართ აქვთ დამამცირებელი, არაადამიანური დამოკიდებულება. მაგრამ ისინი ბევრად უფრო დეტალურ და, – ანალიტიკოსების აზრით, – ზუსტ ინფორმაციას ვაწვდიან ბრძოლის ველიდან, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო“ – წერდა The New York Times.
ხსენებულ ბლოგერებზე დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების პროექტმა Эхо–მ გაამახვილა ყურადღება და როგორც მიუთითებენ, ზოგიერთი "სამხედრო კორესპონდენტი" მუშაობს ფედერალურ ტელევიზიაში და პრესაში, მიბმულია სამხედრო ნაწილებთან და ამუშავებენ ტელეგრამ–არხებს მათი ძირითადი სამუშაოს პარალელურად.
„ამით ისინი გარკვეულწილად მოგვაგონებენ დიდი სამამულო ომის კორესპონდენტებს, რომლებიც წერდნენ საბჭოთა გაზეთებისთვის. ამ კატეგორიაში შედის, მაგალითად, VGTRK-ის რეპორტიორი ალექსანდრე სლადკოვი, ირინა კუქსენკოვა პირველი არხიდან, „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი ალექსანდრე კოტსი და სხვები“,– აღნიშნავს გამოცემა.მათი დაკვირვებით, „სამხედრო კორესპონდენტების“ მეორე ნაწილი უშუალოდ სახელმწიფოსთვის არ მუშაობს და შეუძლია, უფრო დამოუკიდებლად იმოქმედოს პირადი კავშირების გამოყენებით ინფორმაციის მოსაპოვებლად და ფრონტის ხაზზე წვდომისთვის“:
„მათთვის მთავარი შემოსავლის წყაროა მკითხველის შემოწირულობა და რეკლამა. მაგალითად, ამ კოჰორტაში შედის "სამხედრო კორესპონდენტები" სემიონ პეგოვი, იური კოტენოკი, ასევე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ტელეგრამ–არხიGrey Zone. ზოგიერთი მათგანი ანონიმად რჩება, თუმცა ამან შესაძლოა, შეარყიოს გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობა“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ცალკე არიან სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც არ არიან ფრონტის ხაზზე. მათ შორის ყველაზე პოპულარულია იური პოდოლიაკა, რომელსაც Telegram-ზე თითქმის 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ბალაკლეასა მახლობლად რუსული ჯარების მიერ განცდილი კატასტროფის და ლიმანის დაკარგვის შემდეგ, "სამხედრო კორესპონდენტებმა" სულ უფრო და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ეჭვქვეშ არმიის ხელმძღვანელობის კომპეტენციის დაყენება. დამოუკიდებელი ჟურნალისტები (რომლებიც არ იზიარებენ სამხედრო კორესპონდენტების პოლიტიკურ შეხედულებებს და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ არ საუბრობენ, თუ რამხელა უბედურება მოიტანა ომმა), ამჩნევენ ბლოგერების მზარდ უკმაყოფილებას.
„ვფიქრობ,საბოლოოდ სწორედ ეს ხალხი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვს ხელისუფლების შეცვლას რუსეთში, როდესაც პუტინი და მისი სამხედრო ხელმძღვანელობა სიტუაციას ფრონტზე კრიზისამდე მიიყვანს, როდესაც ფრონტი საბოლოოდ ჩამოიშლება და ეს შეიძლება, უახლოეს მომავალში მოხდეს“,– ამბობს პაველ კანიგინი.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, „სამხედრო კორესპონდენტები“ შეადგენენ სამი მთავარი ჯგუფიდან ერთ-ერთს პრო-სამთავრობო საინფორმაციო სფეროში. დანარჩენი ორ ჯგუფში შედიან ყოფილი ოფიცრები, ვეტერანები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. ვლადიმირ პუტინი ცდილობს, შეინარჩუნოს ყველა ჯგუფის მხარდაჭერა, მაგრამ ფრონტზე წარუმატებლობა ანგრევს წარსულში მისი მომხრეების ერთიანობას.
იხილეთ ასევე: პუტინის მოკავშირეებს შორის მზარდი განხეთქილებაა, რაც არყევს რეჟიმს – ISW