
რით და რისთვის აშინებს აფხაზეთს “კონტრმზვერავი-მინისტრი”
10/10/2022 03:06:47 კონფლიქტები
რუსეთის ანექსიურ გეგმებთან დაკავშირებული პროტესტის ზრდის პარალელურად, აფხაზეთში მძლავრდება მოსახლეობის “ქართული რევანშით დაშინების” მცდელობებიც.
მოსკოვისთვის ამ მნიშვნელოვან საქმეში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს კრემლის არცთუ წარმატებული შეგირდი – ფინანსური სკანდალების შემდეგ სოხუმში “გაციმბირებული” და ამავდროულად უკრაინის მიერ ძებნილი ინალ არძინბა. ახლა, “აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის” რანგში იგი ტყავიდან ძვრება, რომ როგორმე ასიამოვნოს კრემლელ ბოსებს და ამ გზით აღიდგინოს მოსკოვის თვალში საგრძნობლად შელახული რენომე.
ამ საქმიანობას ახალგაზრდა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს – “საგარეო საქმეთა მინისტრად” დანიშნვისთანავე შეუდგა. მაგრამ რაკი აფხაზეთში საგარეო საქმე, როგორც ჩანს, ბევრი არაა, არძინბამ გადაწყვიტა, შეთავსებით კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის მიეყო ხელი – და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმებს შეუდგა.
აფხაზური საზოგადოება ამას პროტესტით შეხვდა. მაგრამ რუსეთს, რომელიც აფხაზეთის საბოლოო დასაკუთრებას ლამობს, მისი მაქსიმალური სისუსტე და იზოლირებულობა სჭირდება, ამიტომაც კრემლის შეგირდმა პროტესტს ყური არ უგდო და განაგრძო.
აგრძელებს დღესაც და მეტი ეფექტისთვის მოსახლეობას “აგენტურით” აშინებს – ხან ქართულით, ხან დასავლურით, ხანაც ორივეთი ერთდროულად. და პერიოდულად ამმხრივ სრულიად ანეკდოტურ სიტუაციებამდეც კი მიდის საქმე.
ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სრული სერიოზულობით მოახდინა მოსახლეობის “ინფორმირება” იმის თაობაზე, რომ “დასავლური NGO-ების ორგანიზებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და რადიოდაზვერვის წარმოების მიზნით ელექტრონული ხელსაწყოები დამონტაჟდა”. მეტი შთამაგონებლობისთვის არძინბამ ისიც დაამატა, რომ “მსგავსი ხელსაწყოები შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო ფაზის დაწყებამდე მთიან ყარაბაღშიც იყო შემჩნეული”, ხოლო რუსულმა პროპაგანდისტულმა “სპუტნიკ.აფხაზიამ” წარმოადგინა ვიდეორგოლი, რომელზეც ეს ხელსაწყოები იყო ასახული (მიკვირს, რატომ ვერ მოიფიქრეს, მათზე ჯო ბაიდენის პორტრეტები დაეკრათ).
არადა, რეალურად, ეს ძვირადღირებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები აფხაზეთს კლიმატური ცვლილებების, მათ შორის მდინარეებში წყლის დონის კონტროლისთვის გადაეცა. რომელ ჯაშუშობაზე შეიძლება აქ საუბარი?! გასაგებია, რომ მოსკოველი ზემდგომებისგან მიღებულია ბრძანება აფხაზეთში არასამთავრობო სექტორის განადგურების შესახებ, მაგრამ ძვირადღირებულ და ესოდენ სასარგებლო დანადგარებს მაინც რისთვის ებრძვი?! მიუხედავად ამისა, “კონტრმზვერავმა-მინისტრმა” ბრძანების შესრულება განაგრძო და განაცხადა, რომ “მომხდარის გათვალისწინებით, სრულად უჭერს მხარს“ მოსკოვის ინიციატივას “აფხაზეთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ კანონის მისაღებად”.
არანაკლები ჟინით ლობირებს ინალ არძინბა კრემლის ინტერესებში ბიჭვინთის საკითხს, რომელზეც აფხაზეთის “სტრატეგიული მოკავშირე” უარის თქმას აშკარად არ აპირებს.
საზოგადოება პროტესტს განაგრძობს. ეს პროტესტი ვერც რუსეთის ახალი “ელჩის” ღია შანტაჟმა ჩააცხრო. მიმდინარე წლის იანვარში მოსკოვში ხელოწერილი დოკუმენტი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ობიექტების რუსეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე აფხაზური “პარლამენტის” მიერ ამ დრომდე არაა რატიფიცირებული. ოპოზიცია და საოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები “პრეზიდენტ” ბჟანიასგან საკანონმდებლო ორგანოდან დოკუმენტის გაწვევას მოითხოვენ. სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი მოუწოდებს “დეპუტატებს”, “ბიჭვინთაში მცხოვრებ აფხაზეთის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა არ დაუშვან”. ახალგაზრდობამ სოხუმში საპროტესტო აქციები გამართა...
ერთი სიტყვით, მოსკოვის ამ მორიგი ხუშტურის დაკმაყოფილებას ლამის მთელი აფხაზეთი ეწინააღმდეგება. მაგრამ ინალ არძინბამ გადაწყვიტა, აფხაზთა პროტესტი “ქართველი რევანშისტების დაკვეთად” წარმოეჩინა. რა თქმა უნდა, სხვა ვისი შეიძლებოდა, ყოფილიყო?! აბა, “ენგურსგაღმელი მტრის” წაქეზების გარეშე როგორ “იკადრებდა” პაწაწინა აფხაზეთი, დაუოკებელი სურვილი არ გასჩენოდა იმის, რომ ბიჭვინთის საუკეთესო მიწები მსოფლიო ხმელეთის 1/6 ნაწილის მფლობელი რუსი “მეგობრისთვის” ეჩუქებინა?!
ვის მოტყუებას ცდილობს ინალ არძინბა? - მოსახლეობის, რომელმაც დიდად არც “ქართულ ლაბორატორიებში გამოყვანილი მწერების” დაიჯერა?
“აგენტების, ბიოლაბორატორიების, მოსასმენი აპარატების ალყაში ვართ და ეგაა! რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლება თურმე, ბიჭვინთის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგია… ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ და რომ ყველა, ვინც ბიჭვინთის გასხვისებას ვაპროტესტებთ, აგენტები ვართ? თუ ასეა, “აგენტურის” მშვენიერი კამპანია იკვრება ჩვენთან – როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების, ვეტერანებისა და ომის გმირების სახით… მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ, ძალიან საწყენი იყო მომიტინგე ახალგაზრდებისთვის მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ მათ მიერ სოხუმში გამართული აქცია თურმე, ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ახალგაზრდობას ახასიათებს სიფიცხე, მაგრამ ასევე ახასიათებს გულწრფელობა და თავისუფლების ჟინი», – წერს ამასთან დაკავშირებით Facebook-ში ბლოგერი დიმიტრი მუშბა.
ამ დღეებში ახალგაზრდა “მინისტრმა” კვლავ სცადა მოსახლეობის ცნობიერებაზე ზემოქმედება და საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით რუსეთთან დადებული შეთანხმება “შესაძლოა, გადაიხედოს”, ოღონდ იმ კუთხით, რომ ობიექტის მესამე პირთათვის გადაცემის შესაძლებლობა გამოირიცხოს... თითქოს მესამე პირთათვის გადაცემის შესაძლებლობა იყოს ერთადერთი სადავო თემა და მთავარ საკითხს - რუსეთის საკუთრებაში გადაცემას აფხაზეთში არავინ ეწინააღმდეგებოდეს!
ერთი დღით ადრე კი ინალ არძინბა აფხაზური საზოგადოებისთვის “ქართული შიშის” მორიგი ინიექციის გაკეთებას შეეცადა, თანაც მეტი ეფექტისთვის წინასწარ შეამზადა “პაციენტი”. კერძოდ, “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 5-6 ოქტომბრისთვის დაგეგმილ რაუნდზე საუბრისას “მინისტრმა” განაცხადა: “თუ საქართველო ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ესე იგი, მშვიდობისთვის განწყობილი არააო”. ხოლო უკვე რაუნდის დასრულების შემდეგ არძინბამ აფხაზურ საზოგადოებას “სისხლისგამყინავი სიახლე” აუწყა: საქართველომ “ოფიციალურად თქვა უარი” სოხუმთან ამ დოკუმენტის გაფორმებაზეო. ანუ, მორჩა, დღეს თუ არა, ხვალ ომს ელოდეთო!... არადა, იმავე დღეს იმავე საკითხზე იმავე არძინბას მიერ მართული უწყების განცხადება ასე ჟღერდა: “ქართულმა მხარემ კვლავ უარი თქვა, დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგი აწარმოოს”... როგორც იტყვიან, იგრძენით სხვაობა.
სხვათა შორის, საინტერესოა, გაბედავდა თუ არა თავად ინალ არძინბა, ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებისთვის აფხაზეთის რომელიმე რაიონთან, თუ მაგალითად, სომხები, რუსები ან რომელიმე სხვა კომპაქტურად მაცხოვრებლები რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის შემადგენლობიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნას დააყენებდნენ?... ამით რისი თქმა მინდოდა? - იმის, რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება”, მოსკოვისადმი ლოიალობის მიუხედავად, ვერასოდეს გაბედავს მსგავსი დოკუმენტის გაფორმებას ვერც სოხუმთან, ვერც ცხინვალთან, რადგან ეს მათი აღიარების ტოლფასი იქნებოდა, მათი აღიარება კი იმავე დღეს დაამხობდა “ოცნებას”.
ეს ერთადერთი რეალური და ძალიან მარტივად აღსაქმელი მიზეზია იმისა, რატომ არ აწერს ქართული მხარე ხელს მსგავს შეთანხმებას სოხუმსა და ცხინვალთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსკოვის კარნახით ამას უკვე წლებია, ითხოვენ.
თანაც, ის, რომ ერთადერთი რეალური მიზეზი სწორედ ესაა და არაფერი სხვა, დიდი ხანია, იციან აფხაზურ “საგარეო უწყებაშიც”, - იცოდნენ ინალ არძინბამდეც, იციან დღესაც. უბრალოდ კრემლის ახალგაზრდა შეგირდს აფხაზეთის მაცხოვრებელთა თავებში სულ სხვა რამის ჩადება სურს – ვითომდა მოსალოდნელი “ქართული რევანშის”. რას აძლევს ეს მას, უფრო სწორად კრემლს? - აფხაზეთის მოსახლეობის ყურადღების გადატანას სხვა “საფრთხეზე”, რათა ნაკლებ ყურადღებას აქცევდეს და შესაბამისად, ნაკლებად აპროტესტებდეს მოსკოვის ანექსიურ გეგმებს.
სწორედ ამ მიზნით “სტრატეგიულმა მეგობარმა“ რუსეთმა, რომელიც აქტიურად ცდილობს აფხაზეთში საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების განხორციელებას, მაგრამ ადგილობრივთა წინააღმდეგობას აწყდება, გადაწყვიტა, კვლავ გამოეყენებინა კარგად აპრობირებული მეთოდი მტრის ხატის აქტივაციის სახით, “მტერი” კი, ცხადია, თბილისია. ჰოდა, ინალ არძინბაც რუსი ზემდგომების დავალებით ამ მიმართულებით მუხლჩაუხრელად შრომობს.
ასე, რომ დიპლომატიისა და პოლიტიკის რა მოგახსენოთ, მაგრამ პრინციპი “იტყუე, იტყუე ყოველთვის და რაც მეტად დაუჯერებელ სიცრუეს იტყვი, მით ადვილად დაგიჯერებენ”, ამ ახალგაზრდამ კრემლში ნამდვილად კარგად შეითვისა. ერთი რამაა მხოლოდ: ამით მას აფხაზეთისთვის ზიანის გარდა, არაფერი მოაქვს – იმ მწერის მსგავსად, რომელსაც თავის დროზე არძინბას კრემლელი დამკვეთების დავალებით ქართული წარმომავლობა დასწამეს.
ეკა ცანავა