
რუსული წყაროები ხერსონზე უკრაინის არმიის შეტევის შესახებ იუწყებიან
15/10/2022 15:22:21 ევროპა
ხერსონის საოკუოპაციო ადმინისტრაციის მეთაური კირილ სტრემოუსოვი და ამ არეალში მივლენილი რუსი სამხედრო კორესპონდენტები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს საარტილერიო იერიშები და სამხედრო შეტევისათვის ემზადებიან.
კირილ სტრემოუსოვმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ხერსონის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბავშვები "დასასვენებლად რუსეთში გააგზავნონ". მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშს მთავარ მიმართულებას დუდჩან-ბერისლავის საგზაო მაგისტრალი წარმოადგენს, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
მანამდე გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ანექსირებული ხერსონის ოლქის „ადმინისტრაციას“ დაეხმაროს ოლქის მცხოვრებთა ევაკუაციაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 13 ოქტომბერს იტყობინებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ გასცა ხერსონიდან სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციისთვის მზადების ბრძანება, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ელოდებიან საბრძოლო მოქმედებების გავრცელებას უშუალოდ ქალაქ ხერსონზე. უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რომლებიც ხერსონის ოლქში კონტრშეტევას აწარმოებენ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კონტროლი აღადგინეს ოლქის არაერთ დასახლებულ პუნქტზე.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად 2022 წლის 30 სექტემბერს გამოაცხადა.