
ფურცხვანიძე: "პასუხისმგებლობა უკვე მაქვს ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა იქნება, არ მაინტერესებს"
17/10/2022 11:34:50 სამართალი, საზოგადოება
"ვაკის პარკში" მომხდართან დაკავშირებით დღეს კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. იგი გამოკითხვაზე უკვე მესამედ იმყოფებოდა.
ფურცხვანიძე კვლავ ამბობს, რომ "ვაკის პარკში" განთავსებულ შადრევანში ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო როგორც დაინსტალირების დროს, ისე შემდეგაც.
„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
ცნობისთვის: 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და იგი კლინიკიდან გაწერეს. კიდევ ერთმა დაშავებულმა მოზარდმა საავადმყოფო გუშინ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის პლუსი" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.