
ცხინვალში პუტინის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ფული არ აქვთ
17/10/2022 15:03:43 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ცდილობენ, თანხა მოიძიონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელობის ქუჩის კეთილმოწყობისთვის. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენო კაჯაევმა დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს აცნობა.
"ცხინვალში, პუტინის ქუჩაზე საჭიროა, წლის ბოლომდე გადაიჭრას გზის დაუსრულებელი მონაკვეთის პრობლემა. ქუჩაზე მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება დაფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ხერხდება", – აცხადებს კაჯაევი.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, გაგლოევმა და კაჯაევმა ასევე ისაუბრეს "ცხინვალის პარკში ცხოველების მომრავლებისა და მოქალაქეებზე უპატრონო ძაღლების თავდასხმების შესახებ". გაგლოევმა ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციას პრობლემების გადაჭრა დაავალა.
ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთი ცენტრალური, ყოფილი მოსკოვის ქუჩა, რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად 2019 წლიდან პუტინის სახელობის ქუჩად გადააკეთეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ პუტინის დაბადების დღეს გამოაცხადა.