
ცხინვალელები "ქვემო ზარამაგზე" რუსული მობილური კომისარიატის გაუქმებას მოითხოვენ
18/10/2022 13:42:37 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ზემო ლარსისა და ქვემო ზარამაგის სასაზღვრო პუნქტებზე გახსნილი მობილური კომისარიატების მიერ სადღეისოდ, შესაბამისად, 200 და 30 სამობილიზაციო უწყისია გაცემული, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) სამხედრო კომისრის მოადგილემ აბრილ აბდულაევმა.
"მობილური კომისარიატის თანამშრომელი საზღვარზე მოქალაქეებს აჩერებს და მათ მონაცემებს ადარებს სიებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბიდანაა მიწოდებული. თუ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქვეყნიდან გასვლას ცდილობს, სიაში აღმოჩნდება, მის გასვლას ზღუდავენ და აგზავნიან სამხედრო კომისართან, რომელიც სამობილიზაციო უწყისს გადასცემს" - ასე განმარტა პროცედურა აბდულაევმა.
მან დაადასტურა, რომ სამობილიზაციო უწყისები გაიცემა ოკუპირებული ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზეც, რომელთაც "ორმაგი მოქალაქეობა" გააჩნიათ.
ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან საჩივრებს იღებდა ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაწვევის გამო და რომ ეს საჩივრები "უსაფუძვლო" იყო.
ცხინვალში ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ფარულ მობილიზაციას აპროტესტებენ და "ქვემო ზარამაგზე" გახსნილი მობილური კომისარიატის გაუქმებას ითხოვენ.