პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

19-10-2022 15:54:44 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ მან 19 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ოკუპირებული რეგიონების ლიდერებს „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭებათ“.

პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, შექმნას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს.

პუტინმა თქვა, რომ კიევი „უარყოფს ნებისმიერ წინადადებას მოლაპარაკებების თაობაზე, დაბომბვა გრძელდება“.

პუტინი დაპირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მობილიზებულ სამხედროებს თვეში მინიმუმ 195 ათასი რუბლის გადახდას.

პუტინის ახალი განცხადებების ფონზე უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინელმა დამცველებმა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 7-დან 18 ოქტომბრამდე რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 190-მდე დარტყმა განახორციელა რაკეტებით, კამიკაძე დრონებით და არტილერიით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები