
ოსური "პარლამენტი" დანარჩენ საქართველოსთან დე-ფაქტო საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვას განაახლებს
21/10/2022 09:25:01 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პარლამენტში გადაწყვიტეს, განაახლონ დანარჩენ საქართველოსთან "საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის თემის განხილვა განაახლონ.
თავის დროზე ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა გარი მულდაროვმა განაცხადა, რომ შესაბამისი რუქის შედგენა დასასრულს უახლოვდება. იგი გამოვიდა წინადადებით საპარლამენტო მოსმენების განხალებისა და სხდომაზე დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტებისა და სხვა იმ პირთა მიწვევის შესახებ, რომლებიც თავის დროზე ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
სააგენტო "რესის" ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ალბოროვმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საგანგებო სხდომის გამართვა დაავალა, რომელზეც დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი იქნება განხილული.
ცნობისთვის: გასულ წელს ოსური ოპოზიცია იმჟამინდელ დე-ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვს "საზღვართან" დაკავშირებით რიგ ბრალდებებს უყენებდა, კერძოდ, აცხადებდა, რომ მან "საქართველოს 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ოსური ტერიტორია კინაღამ აჩუქა". კომისიის წევრებმა ამ საკითხს ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც შეადარეს "სამხრეთ ოსეთის ახალი რუქა", რომელიც "სახელმწიფო საზღვრის შესახებ" 2019 წლის კანონპროექტს ერთვოდა თან, "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბების შესახებ" 1922 წლის 22 აპრილის ნომერ მეორე დეკრეტს. თავად ბიბილოვი, რომელმაც 2022 წელს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო ირწმუნებოდა, რომ 1922 წლის დეკრეტის თანახმად, სოფლები წნელისი და ჩორჩანა ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ იქვე დასძენდა, რომ "რიგი სოფლები შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდეს". "საუბარია ისეთ დასახლებულ პუნქტებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, როგორიცაა გუჯაბაური, არცევი, ორჭოსანი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ" - განაცხადა ბიბილოვმა 2021 წლის დეკემბერში. დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტი ასევე აცხადებდა, რომ "რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთი 1990 წლისთვის არსებულ საბჭოთა საზღვრებში აღიარა".
მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის" მნიშვნელობის თაობაზე. თავის მხრივ თბილისში აცხადებენ, რომ "რუსეთთან საზღვრის დელიმიტაცია ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში განხორციელდება".