
რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა
21/05/2019 11:10:56 კონფლიქტები
ბოლო დღეებში ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მასში, კერძოდ, ვკითხულობთ:
„ამ დღეებში მოწმენი გავხდით იმისა, როგორ აეხადა ფარდა ოპოზიციური ძალების დესტრუქციულ ქმედებებს: დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფის თითქოსდა კეთილ მოტივს ამოფარებულებს, მათ რეალურად, აფხაზეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის ვადამდელი გადადგომის მიღწევის მიზანი ამოძრავებთ.
მე უკვე აღმინიშნავს, რომ დეპუტატისა და მისი თანაშემწეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. რუს კოლეგებთან ერთობლივად ჩვენი სამართალდამცველები რეალურ გამოძიებას აწარმოებენ.
როგორც ცნობილია, საკუთარი მიზნების მისაღწევად ოპოზიციამ აფხაზეთის პარლამენტის შენობის წინ უვადო მიტინგი გამოაცხადა და რამდენიმე კანონსაწინააღმდეგო აქცია განახორციელა: ბზიფისა და ტამიშის მონაკვეთებზე ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით ქალაქ სოხუმში ავტობუსებისა პარკისა და ტროლეიბუსების მეურნეობის იძულებითი შეჩერება გამოიწვია, ასევე განახორციელა სხვა რიგი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. და ეს ყველაფერი ხდება საკურორტო სეზონის დაწყების პერიოდში. ვითარების მსგავსმა ესკალაციამ, სამწუხაროდ, შეიძლება, შეაშფოთოს ბევრი დამსვენებელი, რომელთა მიღებას ჩვენ ესოდენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ.
ადრეც მითქვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ გარემოში და კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში ჩატარდეს. თუმცა ოპოზიციის ქმედებების რესპუბლიკაში საზოგადოებრივ– პოლიტიკურ ვითარებას ამწვავებს, ფაქტები, რომელსაც ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს, ხელისუფლების ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობებზე მიუთითებს, მიუხედავად ოპოზიციონერი ლიდერების მტკიცებისა, თითქოს მათ დემოკრატიული სწრაფვები ამოძრავებდეთ.
აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოები ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის, კონსტიტუციური წყობის შესანარჩუნებლად, პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად ყველა შესაბამის ზომა მიმართავენ. ბოლო დღეებში არაერთგზის იქნა მოწვეული უშიშროების საბჭო, რომელის სხდომებზეც ვითარების დარეგულირების გზებზე ვმსჯელობთ.
მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, გამოიჩინეთ წინდახედულობა და მოთმინება! დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას“.
შეგახენებთ, რომ 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში ასლან ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი –კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია ერთი და იგივე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკებში მოათავსეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია მათი სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის შესახებ. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტებს მწვავე ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდათ. თუმცა ოჯახი და ბჟანიას თანამებრძოლები ამ ინფორმაციას არ ენდვნენ და სამედიცინო ანალიზები გერმანიაში გადააგზავნეს, საიდანაც, მათი მტკიცებით, მიღებული დასკვნა „ოპოზიციონერი ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით დანაშაულებრივი გარე ზემოქმედების“ შესახებ. ამის საფუძველზე ისინი ირწმუნებიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დე ფაქტო გენპროკურორმა ზურაბ აჩბამაც. მან აღნიშნა, რომ უკვე ფორმირებულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც 20 მაისიდან რუსეთის ტერიტორიაზე რუს კოლეგებთან ერთობლივ მუშაობას შეუდგება ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური სურათის დასადგენად.