
რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ მსოფლიოში ხორბლის გაძვირება კვლავ დაიწყო
31/10/2022 05:55:37 მსოფლიო
რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ მსოფლიოში ხორბლის და სხვა პროდუქტების გაძვირება კვლავ დაწყო. Bloomberg-ს ინფორმაციით, დღეს ვაჭრობის დაწყებისას ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელის ფასმა თითქმის 9 დოლარი შეადგინა. მოგვიანებით, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
Bloomberg წერს, რომ ფასების ზრდის შენარჩუნება გამოიწვევს გლობალური ინფლაციის გაძლიერებას და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შიმშილის პრობლემას გაამწვავებს.
მისი ინფორმაციით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ამოქმედებიდან სამ თვეში უკრაინიდან გავიდა 9 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა საკვები პროდუქტი, რამაც ხელი შეუწყო მანამდე გაზრდილი ფასების შემცირებასაც.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს. მანამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით, არაერთხელ დაიმუქრა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებით, ფაქტობრივად, დაბლოკა 218 გემის გადაადგილება. სამინისტროს მონაცემებით, ამ გემებიდან 95 უკვე დატვირთულია, უკრაინის პორტები დატოვა და ინსპექტირებას ელოდება, 101 გემი ამ პროცედურას ელოდება უკრაინის პორტებში შესასვლელად, 22 კი - გასვლის მოლოდინშია.