
სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს"
31/10/2022 08:10:53 პოლიტიკა, ეკონომიკა
"ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს",- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სექტორთან ერთად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.
„ჩვენ ვაკვირდებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია, მზარდი დინამიკა იყო გაზაფხულიდან ზაფხულის პერიოდამდე. მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა პურის ფასი. შემდეგ კლებასთან ერთად დავინახეთ, რომ გარკვეულ კატეგორიაზე 10 თეთრით შემცირდა პურის ფასი. ახლა ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს. იმედია, უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად. ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნავს შამუგია.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ მსოფლიოში ხორბლის გაძვირება კვლავ დაიწყო.