
ირანი რუსეთში 1000–მდე ბალისტიკური რაკეტისა და დრონის გაგზავნას გეგმავს – მედია
01/11/2022 13:00:18 მსოფლიო
ირანი ემზადება, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დაახლოებით ათასი ერთეული დამატებითი იარაღი გაუგზავნოს, მათ შორის, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები „მიწა–მიწა“ და დამრტყმელი დრონები,– იუწყება CNN ირანის იარაღის პროგრამის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, იარაღის მიწოდება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება, მაგრამ ზუსტი თარიღი უცნობია.
ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული იარაღის ბოლო პარტია მოიცავდა დაახლოებით 450 დრონს, რომელიც რუსებმა უკვე გამოიყენეს,– იუწყებიან წყაროები.
ინფორმაციისთვის: ოქტომბრიდან რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგოობიექტებს ინტენსიურად უტევდა დრონებით და რაკეტებით. როგორც სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, დრონებისა რაკეტების ერთობლივი გამოყენება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს საქმეს ურთულებს. თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო დეებში რუსების მხრიდან დრონების გამოყენება ნაკლებად შეიმჩნევა, რასაც ესპერტები შემდეგნაირად ხსნან: დრონები, რომელთა ჩამოყრაც უკრაინელებმა კარგად ისწავლეს, აღარ აქვთ, ან რუსები დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ამოწმებენ.
1 ნოემბერს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტები, რომელთა შეძენასაც რუსეთი ირანისგან გეგმავს, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განთავსდება. მისი თქმით, მათი ჩამოგდება რთულია, თუმცა შესაძლებელი.
თავად ირანი რუსეთთან მსგავსი სახის თანამშრომლობას არ აღიარებს.
იხილეთ ასევე: რა უნდა ირანს უკრაინის ომში