
უკრაინის საჰაერო ძალები: "ირანული რაკეტების წინააღმდეგ არ გვაქვს ეფექტური თავდაცვის სისტემა"
01/11/2022 16:43:58 ევროპა
უკრაინას არ გააჩნია თავდაცვის ეფექტური საშუალებები ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, რომელთა განთავსებას რუსეთი უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთით გეგმავს, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა.
„ეს არის ბალისტიკური რაკეტები, ამ რაკეტების წინააღმდეგ ჩვენ არ გვაქვს ეფექტური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. მათი ჩამოგდება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამის გაკეთება იმ საშუალებებით, რაც დღეს გვაქვს. ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვა და არა სარაკეტო თავდაცვა“, - თქვა იგნატმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მიუხედავად ამის,ა მისი თქმით, უკრაინული ძალები მიიღებენ „ყველა შესაძლო ზომას“ ამ რაკეტებისგან დასაცავად.
„მაღალი ალბათობით, ისინი ამ საშუალებებს მიიტანენ უკრაინის ჩრდილოეთით, საიდანაც შესაძლებელია მათი გაშვება იმგვარად, რომ საფრთხე მთელს უკრაინას შეუქმნან. ერთი რაკეტის განადგურების დიაპაზონი 300 კილომეტრია, მეორესი –700 კმ.”- აღნიშნა იგნატმა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა დასძინა, რომ ეს რაკეტები სავარაუდოდ, რუსეთს მიეწოდება „ისკანდერ-M“ რაკეტების მარაგის შესავსებად, რომლებიც უკვე ამოიწურა.
იმის შესახებ, რომ ირანი დასთანხმდა რუსეთს, დრონების გარდა „მიწა–მიწა“ ტიპის რაკეტები მიაწოდოს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და უკრაინის ქალაქებზე და უკრაინული ჯარების პოზიციებზე თავდასხმისთვის, გასულ თვეში გაავრცელა The Washington Post-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მოგვიანებით CNN წერდა, რომ საუბარია 1000 ერთეულზე, რომელიც ჯამში მოიცავს დრონებსა და რაკეტებს.
თავად ირანი რუსეთთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობას უარყოფს, მიუხედავად უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მისი დრონების ინტენსიური გამოყენებისა.