ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

04-11-2022 20:24:02 კონფლიქტები

ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მიზეზად დაბალი ხელფასები და ხელფასების დაგვიანება სახელდება.

დე ფაქტო საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა განაცხადა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი).

„მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მათი ხელფასი კი 2013 წლიდან არ შეცვლილა. ისინი იღებენ მცირე ხელფასს ყოველგვარი დანამატის გარეშე. მძღოლები, რომლებიც სოფლებში, კვირაში ორ რეისს ასრულებენ იღებენ ხელფასს 4000-5000 რუბლს (200 ლარამდე), ხოლო, მძღოლები, რომლებიც მუდმივად არიან ჩართულნი საქალაქო მარშრუტებში, მათი ხელფასი 7000-8000 რუბლს (დაახლოებით 350 ლარი) შეადგენს ორი კვირის განმავლობაში“, - განმარტა დუდაევმა.

გაფიცულ მძღოლებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ მათი ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

დე ფაქტო საგზაო ტრანსპორტის სამმართველოში ამჟამად 40-ზე მეტი მძღოლი მუშაობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები