
ФСБ-ს მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში რუსები ყველაზე მეტად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადიოდნენ
07/11/2022 09:45:02 კონფლიქტები
2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ, – იუწყება რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
"ხსენებულ პერიოდში აფხაზეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი დაახლოებით, 2.1 მილიონი ვიზიტორით. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი", – აცხადებს უშიშროების ფედერალური სამსახური.
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრნენ დაახლოებით 460 000-ჯერ, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრების მაჩვენებელი 9.7 მილიონზე მეტი იყო, რაც მეორე კვარტლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.
2022 წლის მესამე კვარტლის ბოლო თვეს, სექტემბერში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია, რის გამოც, რუსეთი ათეულობით ათასმა მოქალაქემ დატოვა.