
ბჟანია აფხაზეთის მოსახლეობას სთხოვს, უშუქობასა და სხვა პრობლემებს “გაგებით მოეკიდოს”
10/11/2022 16:11:38 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მოსახლეობას მოუწოდებს, უშუქობასა და სხვა პრობლემებს “გაგებით მოეკიდოს”.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა დღეს გაწეული სამუშაოს შესახებ მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, ამჟამად თანხმდება სარემონტო სამუშაოების ჩატარების ახალი განრიგი და მათი დასრულება “უახლოეს ხანებში” იგეგმება.
ცნობისთვის: სარემონტო საუშაოები სულ ახლახანს დასრულდა, თუმცა უხარისხო მასალის გამოყენებისა და უხარისხოდ ჩატარების გამო მოხდა არაერთი ავარია და აფხაზეთის დიდი ნაწილი უშუქოდ დარჩა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებრი გათიშვების რეჟიმი მოქმედებს. ამასთან, რუსეთმა, რომელიც აფხაზური სტრატეგიული ენერგოობიექტების დაუფლების სურვილს აღარ მალავს და აწყობს იმის წარმოჩენა, რომ აფხაზები სფეროში პრობლემებს ამოუკიდებლად ვერ აგვარებენ, აფხაზეთს ელექტროენერგიის “გადადინებით” მიწოდებაზე ამჯერად უარი განუცხადა.
“დროებითი გათიშვები იმისთვის წარმოებს, რომ სპეციალისტებმა ელექტროენერგიის გადმოდინების არარსებობის პირობებში აუცილებელი სამუშაოების დასრულება შეძლონ”, – განმარტა დე ფაქტო პრეზიდენტმა და მოუწოდა მოსახლეობას, “ამ დროებით, მაგრამ აუცილებელ დისკომფორტს გაგებით შეხვდეს”.
ამასთან, კორუფციული გარიგებები, რომელთა შედეგად ამასწინანდელი რემონტისთვის უხარისხო და დიამეტრით შეუსაბამო მასალა იქნა შეძენილი, ბჟანიას, ცხადია, არ უხსენებია. დე ფაქტო ლიდერი შეეცადა, ყველაფერი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად გაწეული დანახარჯებით აეხსნა.
“კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ყველა რესურსი და ძალა გადავისროლეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გვეხარებოდა მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში: ჩვენს ექინევს, მოხალისეებს, მეწარმეებს, აფხაზეთის ყველა მეგობარს. ჩვენ გადავრჩით და შევძელით, ულუგვეგდო ეს დღემდე არნახული, ძალზე საშიში მტერი”, – აღნიშნა ბჟანიამ.
მოხსენებისას მან ასევე სამობილიზაციო მზადებაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, საბიუჯეტო შემოსავლებსა და სხვა რიგ თემებზე ისაუბრა, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კი, პოლიტიკური ოპონენტებისა და მოსახლების დიდი ნაწილის უკმაყოფილების გათვალისწინებით, “საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება” დაასახელა.
რუსების მიერ ბიჭვინთისა და სხვა ტერიტორიებისა თუ ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის გამო პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პრეტენზიების საპასუხოდ დე ფაქტო პრეზიდენტი თავის გამოსვლაში “საინვესტიციო კლიმატის” საკითხსაც შეეხო და “სასიხარულო” უწოდა “უცხოელი ინვესტორების ინტერესს”.
“ჩვენ გვაქვს ორი საზღვაო პორტი, გაგვაჩნია სატრანზიტო შესაძლებლობები და დღეს მჭიდროდ ვართ დაკავებულები ჩვენი აეროპორტის ამოქმედების საკითხებითაც. უკვე ხელმოწერილია საპროექტო კონტრაქტი, დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. ვფიქრობ, დასახულ ვადებში აეროპორტი გაიხსნება”, – აღნიშნა ბჟანიამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის 2024 წლისთვის ამოქმედებას გეგმავს.
ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2020 წლის 23 აპრილს გახდა. დე ფაქტო არჩევნებზე მან ხმათა 56,5% მოიპოვა.