
რუსეთის ჯარების ხერსონიდან გაყვანას მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება – რეზნიკოვი
11/11/2022 06:28:45 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსებს მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდებათ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად.
მისი თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს გადასროლილი. ისინი ჯერ კიდევ რჩებიან ქალაქში, ქალაქის ირგვლივ და მდინარე დნიპრის სანაპიროზე.
"არც ისე ადვილია ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. ამას მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება", - განუცხადა რეზნიკოვმა Reuters-ს და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებების პროგნოზირება რთულია.
თავდაცვის მინისტრმა თქვა ისიც, რომ ზამთარი ბრძოლის ველზე ოპერაციებს შეანელებს, რაც ორივე მხარეს გადაჯგუფების შანსს მისცემს:
"ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ“.
იხილეთ ასევე: ხაფანგი თუ იძულება: რა ხდება ხერსონში ოკუპანტების მიერ დაანონსებული უკან დახევის ფონზე