Accentnews.ge
მოსკოვი ბიჭვინთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია

მოსკოვი ბიჭვინთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია

15/11/2022 12:11:05 კონფლიქტები

მოსკოვი ამ ეტაპზე ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის კუთვნილებაში გადაცემის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია. ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოხუმის წინადადებას აფხაზური "პარლამენტის" მიერ რატიფიცირებამდე დოკუმენტში რიგი ცვლილებების დაფიქსირების თაობაზე.

ორმხრივი შეთანხმება, რომელსაც დე ფაქტო პრეზდენტმა ასლან ბჟანიამ მიმდინარე წლის 19 იანვარს მოაწერა ხელი, აფხაზური "პარლამენტის" რატიფიცირების გარეშე ვერ ამოქმედდება. აფხაზური საზოგადოებრიობა და ოპოზიცია კი ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და "პრეზიდენტ" ბჟანიას "პარლამენტიდან" დოკუმენტის გაწვევას სთხოვენ.

ამის გათვალისწინებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ, კერძოდ "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" მოამზადა წინადადება შეთანხმებაში ორი ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი ეხებოდა დოკუმენტში დაფიქსირებული მცდარი კოორდინატების გასწორებას (მასში რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურისთვის გადასაცემი ტერიტორიის მნიშვნელოვნად უფრო დიდი ფართობი იყო დაფიქსირებული), ხოლო მეორე - შეთანხმებაში იმის დაფიქსირებას, რომ სამომავლოდ ბიჭვინთის ობიექტების მესამე პირთათვის გადაცემა დაუშვებელია.

ამ წინადადებებით გასულ კვირას მოსკოვს აფხაზი "დეპუტატების" ჯგუფიც ეწვია და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს კი აფხაზურ "საგარეო უწყებაში" მიიღეს მოსკოვის საპასუხო წერილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ შეთავაზებული ცვლილებები მოსკოვში "პრინციპულ წინააღმდეგობას არ იწვევს", თუმცა დოკუმენტში მათი ასახვა მხოლოდ მისი რატიფიცირების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმება ჯერ არ შესულა ძალაში აფხაზური მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების არშესრულების გამო, შემოთავაზებული ცვლილებების შეტანა კი შეთანხმების ამოქმედების შემდეგაა მიზანშეწონილი", – ნათქვამია აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ მიღებულ წერილში.

მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ - რატიფიკაცია, შემდეგ - ცვლილებებზე საუბარი. ასეთია მოსკოვის პასუხი.

რამდენად სანდოდ ჩათვლის აფხაზური საზოგადოება "სტრატეგიული პარტნიორის" ამ პირობას - უახლოესი დღეები გვიჩვენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S