
ცხინვალი "საზღვარზე" ოქტომბერში დაკავებულების სტატისტიკას აქვეყნებს
15/11/2022 14:21:16 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების სტატისტიკას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ოქტომბერში ე.წ სასაზღვრო ზონაში 28 "კანონდამრღვევი" დააკავეს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, „4 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია, 24 – სასაზღვრო ზონის რეჟიმის“.
„სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში ჩატარებული პროცედურული ღონისძიებების შედეგად განხორციელდა ადმინისტრაციული ღონისძიებები ახსნა-განმარტებით, რა დროსაც 18 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ორი პირი გააძევეს რესპუბლიკიდან. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია რვა პირი, შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ერთ პირთან მიმართებაში“, - , - აღნიშნავენ „უშიშროების კომიტეტში“.
10 ნოემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ბოლო ორ თვეში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს და ამჟამად ექვსივე თავისუფალია. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში სასჯელს საქართველოს 4 მოქალაქე იხდის, მათგან ერთი ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძეა.