
ოსური "უშიშროება": "ახალგორისა და ჯავის მკვიდრნი დე-ფაქტო საზღვარს ვადაგასული საშვებით ვეღარ გადაკვეთენ"
15/11/2022 17:35:22 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორისა და ჯავის რაიონების მკვიდრნი 30 ნოემბრიდან დე-ფაქტო საზღვარს ვადაგასული საშვებით ვეღარ გადაკვეთენ, - იუწყება ოსური "უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი".
- აგვისტოში დე-ფაქტო უშიშროების საბჭომ "საზღვრის" კვეთის რეჟიმი გაამარტივა. კერძოდ, ახალგორისა და ჯავის რაიონების მაცხოვრებლებს შეუძლიათ, "რაზდახანისა" (მოსაბრუნი-ოძისი) და "პერევის" გადასასვლელებით ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვების ჩათვლით ისარგებლონ.
- ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 10 ნოემბერს სოფელ ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ამას "კეთილი ნების ჟესტი" უწოდა და განაცხადა, რომ ცხინვალში ქართული მხრიდან საპასუხო ნაბიჯს ელიან, კერძოდ, 2019 წელს გახსნილი წნელისის საპოლიციო საგუძაგოს ლიკვიდაციის სახით.
ოსური "უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის" ინფორმაციით, ოქტომბერში დე ფაქტო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე "საზღვრის 28 დარღვევი" დააკავეს, მათგან 18 ადმინისტრაციულ ჯარიმას დაექვემდებარა, ორი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან დაუჯარიმებლად გააძევეს", რვას გაფრთხილება მიეცა, ერთის წინააღმდეგ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა.
ცნობისთვის: ქართული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე, რომელსაც 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.