16-11-2022 16:42:37 ინტერვიუ
პროცესის რიგ დამკვირვებლებში გაკვირვება გამოიწვია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის მიერ თბილისში ვიზიტისას გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებიც პრაქტიკულად, დაცლილი იყო კრიტიკული შენიშვნებისგან, ძირითადად მოიცავდა რა პოზიტიურ გზავნილებს „აყვავებული ეკონომიკის“, პროგრესის და საინვესტიციო პროექტების შესახებ. მან თავი აარიდა პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას შესახებ კითხვას არგუმენტით, რომ „შიდა პოლიტიკას კარგად არ იცნობს“ და ზოგადად ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებული 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ქვეყნის წახალისების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაინც რა მიზნით სტუმრობდა ევროკომისარი საქართველოს? რა საკითხები შესაძლოა, განხილულიყო დახურულ კარს მიღმა? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
იხილეთ ასევე: რა თქვა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში – ძირითადი გზავნილები
კახა გოგოლაშვილი: ეს ვარჰეის პირველი ვიზიტი არ არის საქართველოში, მაგრამ პრაქტიკულად, პირველია იმ კონტექსტში, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ობიექტი გახდა და ამ კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის მანამდეც იმყოფებოდა საქართველოში და ძირითადად საუბრობდა ევროკავშირის საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავდა. ჩვენც ამ პაკეტში ვართ. ზოგადად, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების გენერალური დირექტორატის მანდატში, რომელსაც კურირებს ევროკომისარი ვარჰეი, პოლიტიკური საკითხების განხილვა ნაკლებად შედის. ცხადია, გაფართოების საკითხები და მოლაპარაკებები მას ეხება და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურიც, მაგრამ უფრო მეტად ქვეყანასთან პოლიტიკურ საკითხებზე როგორც წესი, საუბრობს ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური. ევროკომისარი გაფართოების პროცესის კურატორია და ვინაიდან საქართველოს შესასრულებლად წაუყენეს 12 პუნქტი, რაც პირდაპირ კავშირშია, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, ევროკომისარი ამ საკითხს შეეხო, ჰქონდა რამდენიმე კომენტარი, მაგრამ როგორც ვხედავთ, ღრმად და კრიტიკულად ამ მიმართულებით არ უსაუბარია. ეს ამტკიცებს იმას, რომ პრინციპში, მისი ამოცანა მაინც უფრო ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოლაპარაკებები იყო. პირველ რიგში, ისაუბრა მაღალი ძაბვის კაბელის შესახებ, რომელიც ამ გეგმის შესაბამისად, უნდა გაიყვანონ საქართველოდან ევროპისკენ ზღვის ფსკერის გამოყენებით (ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მგონია, რომ განხილული იქნებოდა ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროსაც); აქცენტი გაკეთდა ენერგოტერმინალზე; ასევე ისაუბრა ოპტიკურბოჭკოვან კაბელზე – ეს თემები შედის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში, რომლის ფარგლებშიც მრავალმილიონიანი დახმარებაა გათვალისწინებული. ჯამში, ეს ჯდება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში. მაგალითად, ერთ–ერთი ძირითადი ნაწილი ეხება დიჯიტალიზაციას, ინფორმაციული საზოგადოების განვითარებას და ამ კონტექსტში ინტერნეტზე წვდომას და სატრანსპორტო კავშირის განვითარებას. ამ თვალსაზრისით ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, მისი გაფართოება და უკეთ მომსახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, 80 000 მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაა (დაახლოებით 600 მილიონი) გათვალისწინებული ხსენებული გეგმით. ასევე მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, რომ 1000–მდე სოფელმა მიიღოს სწრაფი ინტერნეტი. სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კუთხით მუშაობა, როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ ევროკავშირი ცალკე გამოყოფს რამდენიმე ასეულ მილიონს, რათა ხელი შეუწყოს პორტების რეკონსტრუქციას და გზების განვითარებას, რომლებიც ევროპა–აზიის დერეფანს მოემსახურება. ამდენად, ალბათ, ძირითადად ეს იყო ევროკომისრის ვიზიტის მიზეზი და როგორც გაფართოების კომისარი, ზედაპირულად შეეხო პირობებს – 12–ვე პუნქტი დეტალურად არ განუხილავს.
– ვიზიტის საჯარო ნაწილი ძირითადად, პოზიტიურ გზავნილებს მოიცავდა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დახურულ კარს მიღმა რაზე იქნებოდა საუბარი? მაგალითად, არ შეეხებოდა ქვეყანაში გაჩაღებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ უფრო სისტემურ ხასიათს იღებს?
– გამიჭირდება ამის თქმა ვარჰეის ფიგურიდან გამომდინარე. მაგალითად, ბორელი [ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – რედ] უფრო მეტად არის დაკავებული ასე ვთქვათ, პოლიტიკური გზავნილების გაჟღერებით. მაგრამ რაც შეეხება გაფართოების კონტექსტს, ვარჰეი აუცილებლად დაინტერესდებოდა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი.
– მაგალითად, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზით ვიმსჯელებთ, მათ დეპოლარიზაციაზეც, ანუ პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრეს...
– დიახ. ამ საკითხებზე აუცილებლად ისაუბრებდა, მაგრამ მგონია, რომ ის მწვავე დისკუსიებში, „ამას ასე რატომ აკეთებთო“, არ შევიდოდა.
– კითხვებს დასვამდა, მათ შორის ანტიდასავლურ კამპანიაზე?
– არ არის გამორიცხული, კითხვები დაესვა, თუ რა ხდება ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ მის არც ერთ გამოსვლაში (არც ერთ ქვეყანაში) არ მინახავს მისი მხრიდან მწვავე კითხვების გაჟღერება. უფრო მაგალითად, ბორელი და დიპლომატიური სამსახურები იღებენ საკუთარ თავზე ტვირთს, ასეთი უხერხული მოლაპარაკებები აწარმოონ და გზავნილები გააჟღერონ. ამიტომ, მგონია, რომ ვარჰეი უფრო ისაუბრებდა კონკრეტული რეფორმების საკითხზე, ზოგადად, დასვამდა კითხვებს და არ შევიდოდა დისკუსიაში.
– იმიტომ, რომ ამას არ მოიცავს მისი მანდატი?
– ევროპულ ინსტიტუტებში მანდატები მკაფიოდ გამიჯნული არ არის ხოლმე. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საგარეო ურთიერთქმედების სამსახურს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების გენერალურ დირექტორატს, მანდატის გამიჯვნა ყოველთვის რთული იყო. ამიტომ, პერსონაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თავად ვარჰეი არ არის ფიგურა, რომელსაც ხელ ეწიფება საერთო ევროპული დიპლომატიური მესიჯების გაცემა. მაგალითად, შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი –რედ.] ბევრად უფრო ქმედითი და ეფექტურია მსგავსი მესიჯების გაჟღერებასა და დიპლომატიის წარმოებაში, რაც შეეხება პოლიტიკურ გზავნილებს, მათზე რეაგირებას, გაფრთხილებას და ა.შ. ამდენად, აქ პერსონებსაც აქვთ მნიშვნელობა და როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, ვარჰეი მკვეთრ დისკუსიებზე წასულიყო. ხშირად, მეჩვენება, რომ ამ საკითხებში ბოლომდე ინფორმირებულიც კი არაა, რადგან არ გააჩნია ინტერესი.
– ანუ, შესაძლოა, გულწრფელიც იყო, როდესაც თქვა, „დეტალებს არ ვიცნობო“?
– დიახ. ვფიქრობ, აბსოლუტურად გულწრფელი იყო. როგორც ვაკვირდები, ის არ არის დაინტერესებული მთავრობებთან ამგვარ დისკუსიებში შესვლით. მისი ამოცანაა კონკრეტული დახმარების, განვითარების პროექტების რეალიზება, პროცესის შემოწმება – უფრო ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკის დეტალები. თუ გახსოვთ, როდესაც ევროკომისიამ წარადგინა თავისი შეთავაზებები კანდიდატის სტატუსზე უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის – ევროპული პერსპექტივა, მაშინ ევროკომისიის სახელით ორი ადამიანი გამოვიდა – ევროკომისიის პრეზიდენტი [ურსულა ფონ დერ ლაიენი – რედ.] და კომისარი ვარჰეი. მაშინაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უფრო მეტი ილაპარაკა პოლიტიკაზე, ვიდრე ვარჰეიმ: ურსულა ფონ დერ ლაიენმა უფრო მკაფიოდ განსაზღვრა, უკრაინამ და მოლდოვამ რატომ დაიმსახურეს კანდიდატის სტატუსი და საქართველომ – პერსპექტივა – მეტად შეიჭრა პოლიტიკურ, სენსიტიურ თემებში, ხოლო ვარჰეი საკმაოდ ზედაპირული იყო. ვფიქრობ, საქართველოში ვიზიტამდე მას აუცილებლად ექნებოდა კონსულტაცია ურსულა ფონ დერ ლაიენთან და რიგ მესიჯებს მაინც გააჟღერებდა, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტი თვლის საჭიროდ, რომ საქართველოს მთავრობას უთხრას, მაგრამ თავისი ინიციატივით დეტალებში არ შეიჭრებოდა, რადგან ამისთვის, ალბათ კომპეტენციაც არ ეყოფა.
– უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ცხადია, აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ანტიდასავლური კამპანიის მთავარ ნარატივთან „ომში ჩათრევის“ მცდელობის თაობაზე...
– ცხადია. ევროკავშირი ამას აქცევს ყურადღებას, მაგრამ ამ მიმართულებით დისკუსიას არ ამწვავებს. ჯამში ევროკავშირს ამგვარი დამოკიდებულება აქვს: საქართველო ჯერ არ არის ისეთი სახელმწიფო, როგორის ხილვაც მათ სურთ და არა მარტო არ არის, რიგ საკითხებში არ მიჰყვება მათ. უკრაინა და მოლდოვა შესაძლოა, ყველაფერს ხარისხიანად ვერ აკეთებენ, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, პოლიტიკურად ყველაფერში მიყვებიან. ისინი ვითარებას არ ამწვავებენ, რადგან გლობალურად უყურებენ პოლიტიკას – ხედავენ, რომ საქართველო დგას რუსეთსა და დასავლეთს შორის და არ უნდათ, ხელი კრან. განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გეოპოლიტიკა მნიშვნელოვანი გახდა. ხომ ხედავთ, აზერბაიჯანის მისამართითაც ნაკლებად ისმის კრიტიკა. ნორმატიული მიდგომების განხორციელებას იქ, სადაც ჯამში შესაძლოა, სარისკო აღმოჩნდეს ევროკავშირის გავლენისა და რბილი ძალის შენარჩუნებისთვის, აღარ რისკავენ. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიდგომას არ დაუბრუნდებიან, როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი.
– ანუ, არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ერიდებიან ზეწოლას...
– დიახ. აქ ჩვენთვის რისკი არსებობს: თუ საქართველომ არ განახორციელა რეფორმები, რომელთაც ევროკავშირი ითხოვს, საბოლოო ჯამში მაინც დარჩებიან ჩვენს პარტნიორებად (როგორც აზერბაიჯანის მიმართ აქვთ დამოკიდებულება, რომ სჭირდებათ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკური პარტნიორი, სტაბილური მიმწოდებელი), ითანამშრომლებენ, შეინარჩუნებენ გავლენას, მაგრამ ქვეყანას განიხილავენ არა როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს (ამ მიმართულებით მის ტრანსფორმაციაზე აღარ დახარჯავენ ამდენ რესურსს), არამედ როგორც პარტნიორს, რომელიც სჭირდებათ კონკრეტული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენზეა დამოკიდებული, გვექნება უბრალოდ დერეფნის (აზიიდან ევროპაში) როლი, რომელსაც ევროკავშირი დაიცავს კიდეც, ხელსაც შეუწყობს, მაგრამ არანაირად არ დააჩქარებს მის გაწევრიანებას ევროკავშირში, თუ გვექნება ქვეყნის როლი, რომელმაც ამ რეგიონში ევროპული ფასეულობები უნდა დაამკვიდროს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის, ხედვების განვითარებას და გახდება მისი დასაყრდენი.
– ვხედავთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს არ აქვს ნეიტრალიტეტის ფუფუნება. და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აღმოჩნდება რუსული გავლენის ქვეშ, ჩვენი დერეფანი, როგორც რუსეთის ალტერნატივა, არ კარგავს ამჟამინდელ მიმზიდველობას?
– დერეფანი არ კარგავს მიმზიდველობას, ამაშია საქმე.
– მიუხედავად იმისა, რუსეთს ექნება თუ არა მასზე გავლენა?
– ევროკავშირს შესაძლოა, ჰქონდეს ორგვარი გავლენა: ასე ვთქვათ, ეკონომიკური ბმა და მეორე – რბილი და ნორმატიული გავლენა, რომ საქართველო გახდეს უფრო დემოკრატიული. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს მოდელი: აქვეა აზერბაიჯანი, რომელიც ნეიტრალურია უკრაინის ომთან მიმართებით და რომელთანაც ევროკავშირს მშვენიერი ურთიერთობა აქვს – მათ გამოძებნეს საერთო ინტერესები და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი აზერბაიჯანს სტაბილურ პარტნიორად თვლის, თუმცა, ეკონომიკურ პარტნიორად და არ არის არავითარი პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების. ხოლო ჩვენ მოგვცეს შანსი, ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორები აზერბაიჯანივით და ევრო–აზიური დერეფნის ფუნქციონალური ელემენტი, მაგრამ თუ ამ პერსპექტივას არ გამოვიყენებთ, ისინი დაგვტოვებენ აზერბაიჯანის გაგრძელებად – მათ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სჭირდებათ ხიდი, ამიტომ საქართველო შესაძლოა, დაიცვან კიდეც რუსეთისგან აგრესიის შემთხვევაში; შესაძლოა, ქვეყანას ფინანსურად დაეხმარონ და ა.შ. მაგრამ მის ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს არ შეუწყობენ. ეს კი ჩვენი საზოგადოებისთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა არასდროს დაეწევა ევროკავშირს სტანდარტებით, ცხოვრების დონით. ქვეყანა უბრალოდ მნიშვნელოვანი კვანძი იქნება ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვა–გადმოზიდვებისთვის, აქ რაღაც ფირმები იმუშავებენ, გამდიდრდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ იქნება დემოკრატია, საერთო კეთილდღეობა და რიგითი მოქალაქეები იგრძნობენ თავს ისე, როგორც ევროკავშირში გრძნობს თავს უმეტესობა.
– ისარგებლებენ ჯგუფები...
– დიახ. შესაძლოა, მეტად ისარგებლონ უცხოურმა ჯგუფებმა, მათ შორის, რუსულმა კომპანიებმა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებმა ამგვარი სტატუსის პირობებში.
– ანუ, ევროკავშირი არ „გაუშვებს ხელს“ დერეფნის ჩვენს მონაკვეთს...
– არ გაუშვებს ხელს, რადგან უკვე გეოპოლიტიკურად სჭირდება. შესაძლოა, უსაფრთხოების ელემენტებიც გააძლიეროს – მედეგობის განვითარების პროექტები, რომ მყარი იყოს სახელმწიფო, გვქონდეს ძლიერი თავდაცვაც. ცხადია, ეს ყველაფერი კარგია – კარგია, რომ ევროკავშირს საქართველო უკვე გეოპოლიტიკურად აინტერესებს. მაგრამ ჩვენი ინტერესია, გავხდეთ ევროპული სივრცის ნაწილი, რაც განვითარების სულ სხვა შესაძლებლობებს იძლევა. შევხედოთ ბალტიის ქვეყნებს, ან სხვა სახელმწიფოებს, როგორ განვითარდნენ, რომლებიც ბოლო 20–30 წლის განმავლობაში გაწევრიანდნენ ევროკავშირში.