
ხუციშვილი: "2023 წელს განათლებასა და მეცნიერებაზე 2.5 მლრდ ლარი დაიხარჯება"
17/11/2022 09:34:04 ეკონომიკა, საზოგადოება
2023 წელს განათლებასა და მეცნიერებაზე 2.5 მლრდ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 370 მილიონი ლარით და 2 მილიარდ 550 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
- სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს - გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა;
- ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:
- სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე სპეც. მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით;
- სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
- სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით;
- სკოლის ფსიქოლოგებისა და სოც. მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
"ასევე გათვალისწინებულია სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება", – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იწყება 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი. პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მლნ ლარს: გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე; ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი;
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 250 მილიონ ლარზე მეტი.