ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება წნელისში საყრდენი პუნქტის გახსნას გეგმავს

18-11-2022 19:51:19 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ წნელისში საკუთარი საგუშაგოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო შს მინისტრ ვალერი გაზაევის ზნაურის რაიონის დე ფაქტო შს სამმართველოს ხელმძღვანელთან და პირად შემადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ამჟამად სოფელში, რომელსაც ოსური მხარე აკონტროლებს, მილიციის სადღეღამისო საგუშაგო მოქმედებს.

"შეხვედრისას განხილულ იქნა შესაძლებლობა, მილიციის მოქმედი საგუშაგო საყრდენ პუნქტად გარდაიქმნას", – ნათქვამია დე ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ცნობისთვის: 2019 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფლების ჩორჩანასა და წნელისის სიახლოვეს საპოლიციო საგუშაგო განთავსდა, თუმცა ამ ნაბიჯმა ფაქტობრივად, მხოლოდ ნეგატიური შედეგი გამოიწვია: თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები დამატებით დაიძაბა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე გამშვები პუნქტები ჩაკეტა.

გადაადგილების შეზღუდვა ნაწილობრივ მხოლოდ წელს მოიხსნა. 10 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა ამას ოსური მხრიდან "კეთილი ნების ჟესტი" უწოდა და განაცხადა, რომ ცხინვალი თბილისისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდა 2019 წელს გახსნილი საპოლიციო საგუშაგოს გაუქმების სახით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები