
აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი მცენარეების ნერგები გადაეცათ
19/11/2022 10:29:53 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნერგები გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
"ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კონკურსის შედეგად გამარჯვებულ 43 აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარს 1 970 ცალი ნიგოზის „ჩანდლერის“ ჯიშის, 350 ქლიავის და 148 ტყემლის ნერგი გადაეცა. ასევე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სპეციფიკური ინვენტარი მიიღო მეფუტკრეობის დარგში 16-მა წარმატებულმა ბენეფიციარმა, ხოლო სამ გამარჯვებულ მონაწილეს სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებისა და გაძლიერების მიზნით საჭირო ინვენტარი გადაეცა.დღესვე, რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში პროგრამის ბენეფიციარებს, ნერგების ეფექტური და პროდუქტიული აგრარული გამოყენების და მოვლის შესახებ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონსულტაცია-ტრენინგი ჩაუტარდათ.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.