"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის":  "უნიკალური არტეფაქტები, რომლითაც ამაყობდა თეთრიწყაროს მუზეუმი, გამოიფინება თანამედროვე ოფისში, რომელსაც საერთო არაფერი ექნება მუზეუმის კონცეფციასთან"

22-11-2022 13:15:17 საზოგადოება ,რეკლამა

"უნიკალური არტეფაქტები, რომლითაც ამაყობდა თეთრიწყაროს მუზეუმი, გამოიფინება თანამედროვე ოფისში, რომელსაც საერთო არაფერი ექნება მუზეუმის კონცეფციასთან", – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ავრცელებს.

"მდიდარი ტრადიციების მქონე თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც ცნობილი იყო თავისი უიშვიათესი კოლექციებით, მაგალითად - ბედენური კულტურის (მტკვარ-არაქსის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძვ.წ. 3000 წელი) ყორღანების გამორჩეული ექსპონატებით, რეაბილიტაციის შემდეგ გამოიყურება ასე:

შენობა, რომელშიც თეთრიწყაროს მუზეუმი იყო განთავსებული, სიძველის გამო რეაბილიტაციას საჭიროებდა, თუმცა, უკვე რეაბილიტირებული მხოლოდ კარგ საოფისე ფართს წარმოადგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესში არ იყვნენ ჩართულები სამუზეუმო საქმიანობის სპეციალისტები, რომლებიც გაითვალისწინებდნენ სამუზეუმო სივრცისთვის დამახასიათებელ განათებას, კედლების შეფერილობას, იატაკის ფერს და ა.შ. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა თეთრიწყაროს ახლადგარემონტებულ მუზეუმს ფონდებისთვის განკუთვნილი ფართები შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, კონდიცირება- ვენტილაცია და ა.შ. როგორც ჩანს, უნიკალური არტეფაქტები, რომლითაც ამაყობდა თეთრიწყაროს მუზეუმი, გამოიფინება თანამედროვე ოფისში, რომელსაც საერთო არაფერი ექნება მუზეუმის კონცეფციასთან.

„საყდრისის კომიტეტმა“ 21 ნოემბერს შესაბამისი კითხვებით უკვე მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და მუზეუმის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მათ ბალანსზე არსებული შენობის იმ ნაწილის გადაცემას სთხოვდა, სადაც მუზეუმი იყო განთავსებული, შემდგომში თანამედროვე სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად, სადაც ძველ ექსპონატებთან ერთად განთავსდებოდა სამშვილდესა და ახალშენში აღმოჩენილი არტეფაქტების ახალი კოლექციებიც, რაზეც მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ თეთრიწყაროს მუზეუმს თავად გაარემონტებდა", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები