
სოცქსელში აფხაზი სამართალდამცველების მიერ გაგრის რაიონის მკვიდრის მკვლელობის კადრები გავრცელდა
22/11/2022 13:45:37 კონფლიქტები
სოცქსელში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლების მიერ გაგრის რაიონის მკვიდრი ამირ კეტიას მკვლელობის კადრები გავრცელდა.
ირკვევა, რომ შეიარაღებული ინციდენტი 2021 წლის 16 ნოემბერს მოხდა. მაშინ გავრცელდა ოფიციალური განცხადება, თითქოს კეტია ხელყუმბარის აფეთქების მცდელობისას გააუვნებელყვეს. მისმა თანმხლები ომარ ხაგუში კი მაშინ ბეჭის არეში დაჭრეს.
ვიდეოკადრები სავარაუდოდ, მოკლულის დამ გამოაქვეყნა. იგი აღიარებს, რომ კეტია და ხაგუში სამართალდამცველებზე თავდასხმას გეგმავდნენ ამ უკანასკნელთა მიერ მანამდე 24 წლის ანრი ატეიბას მკვლელობის საპასუხოდ, თუმცა აცხადებს, რომ ახალგაზრდებს დაკავებისას სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი არ გაუხსნიათ.
"ამას ჩემი ძმის გასამართლებლად არ ვაქვეყნებ. ჩემი მიზანია, ხალხს ვუჩვენო, რომ სამართალდამცველებმა ისინი გაუშვეს, მერე კი ძაღლებივით ზურგში ესროლეს. ახალგაზრდების მხრიდან არავითარი სროლა არ ყოფილა. პირიქით, ეს სამართალდამცველებმა გაუხსნეს ცეცხლი სამი მხრიდან", – ამბობს პუბლიკაციაში მოკლულის და.
აფხაზურმა მედიამ გაარკვია, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისს დაინიშნა ვიდეოს ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც რუს ექსპერტებს დაევალათ, თუმცა ღონისძიებები ამ დრომდე არაა დასრულებული.
ხაგუში დაკავებულია და ბრალდება რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული.
თავად სამართალდამცველთა მიმართ ამ დრომდე არანაირი ღონისძიება არ გატარებულა, ისინი საქმის ფარგლებში დაზარალებულებად არიან ცნობილები.