Accentnews.ge
აფხაზეთში ჩამოყალიბებული ახალი "ფართო პოლიტიკური პლატფორმა" რუსეთისგან "სუვერენიტეტის დაცვისათვის" იბრძოლებს

აფხაზეთში ჩამოყალიბებული ახალი "ფართო პოლიტიკური პლატფორმა" რუსეთისგან "სუვერენიტეტის დაცვისათვის" იბრძოლებს

23/11/2022 16:11:00 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების ახალი მოძრაობა - "ფართო პოლიტიკური პლატფორმა" ჩამოყალიბდა. პირველ შეკრებაზე მიღებული მანიფესტის ხელმომწერები აკრიტიკებენ დე ფაქტო ხელისუფლებას "საზოგადოებაში იმ აზრის თესვის გამო, თითქოს აფხაზ ხალხს არ ძალუძს, დაიცვას სუვერენიტეტი და ამიტომაც უნდა დათმოს საკუთარი ბუნებრივი, ტერიტორიული, ენერგეტიკული და სხვა რესურსები [რუსეთის სასარგებლოდ - რედ]".

"სწორედ ასე აღვიქვამთ ჩვენი მთავრობის თანხობას უცხოელთა საკუთრებაში ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილისა და ენერგეტიკული სისტემის გადაცემაზე, ასევე იმ ანტისახალხო კანონის მიღებას, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეთა ნაწილს "უცხოეთის აგენტებად" აცხადებს, საკუთარი დღის წესრიგის არქონას როგორც საგარეო პოლიტიკურ, ისე დემოგრაფიისა და ყველა სხვა მნიშვნელოვან სფეროში, რეპატრიაციის პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას, ჯარში არსებული რეალური ვითარების იგნორირებასა და სხვას" - ნათქვამია მანიფესტში.

ახალი მოძრაობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ "თანამედროვე მსოფლიოს პირობებში რეფორმების არარსებობა, ზოგადად ჩამორჩენა განვითარებაში აფხაზეთს საფრთხეს უქმნის არა მარტო სახელმწიფო სუვერენიტეტის, არამედ აფხაზი ხალხის გადარჩენის თვალსაზრისით".

"იქმნება განცდა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა დაკარგა აფხაზური სახელმწიფო პროექტის რეალიზებადობის რწმენა და აპირებს, მხოლოდ ფორმალურად მიაყოლოს ჩვენი ქვეყანა დინებას საერთო სახალხო აქტივების გასხვისების ხარჯზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ამ გეგმის განხორციელებას არ დავუშვებთ! კატეგორიულად არ ვეთანხმებით თეზისს ჩვენი ხალხის უუნარობაზე, თავად აგვაროს ჩვენი პრობლემები. დარწმუნებულები ვართ, ადამიანები, რომლებიც მსგავს მიდგომებსა და აზრებს თესავენ, არ ფლობენ მორალურ უფლებას, მართონ ქვეყანა და ხალხი, რომელშიც არასრულფასოვნების კომპლექსის თესვას ცდილობენ", – ნათქვამია მანიფესტში.

ახალი მოძრაობა, ხელმომწერთა განცხადებით, აერთიანებს "პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ახალ თაობას, რომლის მიზანს ეროვნული აქტივების შენარჩუნება, პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, ხელისუფლებაში ახალი თაობის მოსვლა, საბოლოო ჯამში კი აფხაზეთის თანამედრობე სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნა წარმოადგენს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S