„პუტინი მკვლელია“: სომხეთში კრემლის ლიდერს საპროტესტო აქციით დახვდნენ

23-11-2022 20:42:34 კავკასია

სომხეთში აქციები იმართება ქვეყნის მთავრობისადმი მოთხოვნით, შეწყვიტოს ქვეყნის წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ). დემონსტრანტები ორგანიზაციის ერევანში მიმდინარე სამიტის პარალელურად, დედაქალაქის ცენტრში – თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ მომიტინგეებს შორის იყვნენ უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც უკრაინული დროშებითა და რუსი სამხედროების ქმედებებით დაზარალებული უკრაინის ქალაქების სახელებით აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს. ტრანსფარენტებზე იკითხებოდა წარწერები: „პუტინი მკვლელია!“, „ბუჩა“, „ირპენი“, „იზიუმი“, „კიევი“, „მარიუპოლი“,„არა ომს!“

ანალოგიური მოთხოვნით აქცია 22 ნოემბერსაც გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ქვეყანაში ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიზიტს მიუღებლად მიიჩნევდნენ. ქვეყანაში მსგავსი განწყობები განსაკუთრებით გაძლიერდა ამ წელს სომხეთის სასაზღვრო სოფლებზე აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ, რაზეც ОДКБ–ს რეაგირება ფაქტობრივად, არ მოუხდენია. გაიზარდა იმედგაცრუება სტრატეგიული პარტნიორის – რუსეთის მიმართაც.

ОДКБ–ს ლიდერები დღეს სომხეთის პრემიერ–მინისტრმაც გააკრიტიკა ორგანიზაციის უუნარობის გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება თავად ბლოკსაც ვნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები